ირანული მედიის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაცხადა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ყველა ტიპის გემების მიმოსვლისთვის ჩაკეტა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ამ საწყლოსნო გზის გამოყენებას შეეცდება, სამიზნე გახდება.
როიტერსის ინფორმაციით, ორშაბათს ადგილობრივ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდლის უფროსმა მრჩეველმა, იბრაჰიმ ჯებარიმ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და ისინი ცეცხლს გაუხსნიან ნებისმიერ გემს, რომელიც მის გადაკვეთას დააპირებს.
სახელმწიფო მედიაში გავრცელებულ ჯებარის განცხადებაში ნათქვამია: „სრუტე (ჰორმუზის სრუტე) დაკეტილია. თუ ვინმე მის გადაკვეთას შეეცდება, რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და რეგულარული ფლოტის გმირები ამ გემებს ცეცხლს წაუკიდებენ“.
თუ აღნიშნული ნაბიჯი განხორციელდება, კომერციული გემების მიმოსვლა ამ ვიწრო სრუტეში, სადაც მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დაახლოებით მეხუთედი გადის, ფაქტობრივად შეწყდება.
ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურის ვიწრო შესასვლელია, რომელზეც მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი მოდის.
ტანკერები, რომლებიც სრუტის ჩრდილოეთით მდებარე ირანის მარშრუტით მოძრაობენ, ნავთობსა და გაზს საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ერაყიდან, ყატარიდან, ბაჰრეინიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან ეზიდებიან. ამ ნავთობის უდიდესი ნაწილი აზიაში მიდის.
ჰორმუზის სრუტეში ნებისმიერმა შეფერხებამ ნავთობით ვაჭრობაზე შესაძლოა უკიდურესად დამანგრეველი გავლენა მოახდინოს.
საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია Neuberger Berman-ის უფროსმა პორტფელის მენეჯერმა, ჰაქან ქაიამ განაცხადა: „საფრთხის მასშტაბების გადაჭარბება შეუძლებელია“. მისი თქმით, ნავთობკომპანიებმა შესაძლოა გაუძლონ ერთ ან ორკვირიან ნაწილობრივ შეფერხებას, თუმცა სრუტის სრული ან თითქმის სრული ჩაკეტვა ერთი თვის ან მეტი ხნით, ნავთობის ფასს, რომელიც ორშაბათს 70 დოლარის ფარგლებში იყო, „სამნიშნა ციფრებამდე“ აიყვანს, ხოლო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებს „2022 წელს ნანახი კრიზისის დონემდე ან მასზე მაღლა“ აწევს.
ირანის ომის გაფართოება
აი, რა უნდა იცოდეთ სრუტისა და ირანის გაფართოებული ომის შესახებ:
ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური გადაზიდვებისთვის საკვანძო საწყლოსნო გზაა, ყველაზე ვიწრო წერტილში დაახლოებით 33 კილომეტრი (21 მილი) სიგანის მიხვეულ-მოხვეული გასასვლელია. სრუტე სპარსეთის ყურეს ომანის ზღვასთან აკავშირებს.
აქედან გემებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და ომანს სრუტეში ტერიტორიული წყლები აქვთ, იგი მიჩნეულია საერთაშორისო საწყლოსნო გზად, რომლის გამოყენებაც ყველა გემს შეუძლია. არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ცათამბჯენებით ცნობილი დუბაი მდებარეობს, ასევე ამ საწყლოსნო გზასთან ახლოსაა.
სრუტეს ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჭრობისთვის: ადრე აქ ჩინეთიდან კერამიკა, სპილოს ძვალი, აბრეშუმი და ტექსტილი გადიოდა, ხოლო თანამედროვე ეპოქაში ის გახდა მთავარი მარშრუტი სუპერტანკერებისთვის, რომლებსაც საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ერაყიდან, ყატარიდან, ბაჰრეინიდან, საამიროებიდან და ირანიდან ნავთობი და გაზი გადააქვთ.
დაკეტილია თუ არა სრუტე?
მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს აქვთ მილსადენები, რომლებსაც სრუტის ავლით შეუძლიათ მუშაობა, აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის თანახმად, „სრუტეზე გამავალი მოცულობების უდიდეს ნაწილს რეგიონიდან გასასვლელი ალტერნატიული გზა არ გააჩნია“.
წარსულში ამ მარშრუტის მიმართ მუქარებმა გლობალური ენერგოფასების ზრდა გამოიწვია; მსგავსი ეფექტი დაფიქსირდა ივნისში ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროსაც.
მონაცემთა და ანალიტიკურმა ფირმა Kpler-მა X პლატფორმაზე განაცხადა, რომ სრუტე ოფიციალურად არ არის დაკეტილი, თუმცა სატელიტური ნავიგაციის სისტემებში არსებული შეფერხებების გამო ტანკერების მოძრაობა მკვეთრად შემცირდა.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) გაავრცელა ინფორმაცია სრუტის ორივე მხარეს რამდენიმე გემზე თავდასხმის შესახებ და გააფრთხილა გემები ელექტრონული ჩარევების გაზრდილი საფრთხის შესახებ, რაც გემების ადგილმდებარეობის დადგენის სისტემებზე მოქმედებს.
ომანმა განაცხადა, რომ მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერზე, რომელიც ომანის ზღვიდან აღმოსავლეთით ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა, ბომბით აღჭურვილი უპილოტო საწყლოსნო აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა.











