გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა თელ-ავივის ადმინისტრაციას ურჩიეს, წყალქვეშა ნავების ფლოტი ახალი შენაძენებით 8 ერთეულამდე გაზარდოს. ამის მიზეზად კი თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერება დასახელდა, რომელსაც ამჟამად 14 მოქმედი წყალქვეშა ნავი ჰყავს, ხოლო უახლოეს წლებში მათი რაოდენობის 18-მდე გაზრდაა მოსალოდნელი.
ისრაელის არმიის რადიოს ცნობით, ისრაელი ახლოდან აკვირდება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წყალქვეშა ფლოტის გაძლიერებას და საპასუხოდ გერმანული წარმოების „ახალი და მაღალი ტექნოლოგიის“ მქონე წყალქვეშა ნავებით საკუთარი ფლოტის გაფართოებას გეგმავს.
სიახლეში აღნიშნულია, რომ თურქეთს ამჟამად 14 ოპერატიული წყალქვეშა ნავი ჰყავს და ეს რიცხვი 18-მდე გაიზრდება, მაშინ როდესაც ისრაელს 5 წყალქვეშა ნავი ჰყავს და მე-6 ნავის ქვეყანაში ჩასვლას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებმა წყალქვეშა ფლოტის 8 ერთეულამდე გაზრდის რეკომენდაცია პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უკვე წარუდგინეს, თუმცა აღინიშნა, რომ პერსონალის რაოდენობის საკითხი გენერალური შტაბის დონეზე ჯერ კიდევ პროფესიულ შესწავლას საჭიროებს.





















