მას შემდეგ, რაც ცხოვრების სიძვირის წინააღმდეგ გამართული მსვლელობები „უკიდურეს“ ძალადობაში გადაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები, მასობრივი ძარცვა და ხანძრები დაიწყო, საფრანგეთი კვირა დილას განადგურებული ქუჩებით შეხვდა.
სტუდენტების კვირეების განმავლობაში მიმდინარე პროტესტის შემდეგ აფეთქებული ფართომასშტაბიანი მოვლენები იმ არჩევნებამდე სულ რაღაც ექვსი თვით ადრე მოხდა, რომელმაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მემკვიდრე უნდა გამოავლინოს.
პარიზის მერმა ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფებმა პარკირებულ ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიები გაძარცვეს, ხოლო ქალაქის ზოგიერთი ქუჩა „სრულიად განადგურდა“.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ დაგმო ძალადობის „უკიდურესი მასშტაბი“ და განაცხადა, რომ დაკავებულია 1 200 ადამიანი, ხოლო 150 პოლიციელი დაშავდა.
ლეკორნუმ აღნიშნა: „სასწაულია, რომ მსხვერპლისა და დაშავებულთა რიცხვი უფრო დიდი არ აღმოჩნდა“.
ძალადობა დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში ცხოვრების სიძვირის წინააღმდეგ გამართული მსვლელობების დროს დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში მონაწილეობა 550 ათასმა ადამიანმა მიიღო.
თუმცა, პროტესტში მონაწილე პროფკავშირმა „შრომის საყოველთაო კონფედერაციამ“ (CGT) განაცხადა, რომ მონაწილეთა რაოდენობა 800 ათასს აღწევდა.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც სამართალდამცავებს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ და პიროტექნიკით ესხმოდნენ თავს.
ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სენტ-ეტიენში 17 წლის მოზარდმა მარჯვენა მტევანი დაკარგა მომიტინგეთა დასაშლელად გამოყენებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.
ძარცვა
დემონსტრაციების დროსა და მის შემდეგ ქალაქების ქუჩებში მოძრავი ახალგაზრდების ჯგუფები დროდადრო პოლიციას ეტაკებოდნენ, აჩენდნენ ხანძრებს, იჭრებოდნენ დაკეტილ მაღაზიებში და თაროებს აცარიელებდნენ.
პარიზში, მარსელში, ნიცაში, ნანტში, ბორდოში, ლიმოჟში, ლილში, ტულუზასა და სტრასბურგში გაიძარცვა ათობით მაღაზია, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ძვირადღირებული ბუტიკი, ტანსაცმლის, ოპტიკის, კოსმეტიკისა და ელექტროტექნიკის მაღაზიები.
სააგენტო AFP-ის რეპორტიორებმა პარიზში დააფიქსირეს ახალგაზრდების დაახლოებით ექვსკაციანი ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულად ესხმოდნენ თავს მაღაზიებს. ნიღბიანი და ხელთათმანიანი თავდამსხმელები ვიტრინების ჩამსხვრევამდე და შიგნით შეჭრამდე უსაფრთხოების კამერებს მწყობრიდან გამოჰყავდათ.
ძარცვამ კიდევ უფრო დაამძიმა ნგრევისა და განადგურების დღის შედეგები, რომლის სამიზნეც საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიც გახდა.
არაერთ ქალაქში თავდასხმა განხორციელდა მერიის შენობებზე
რეგიონის უმაღლესი თანამდებობის პირის ინფორმაციით, ქალაქ ლიმოჟში მერიის 140 წელზე მეტი ხნის ისტორიულ შენობას დიდი ზიანი მიადგა მას შემდეგ, რაც შიგნით შეჭრილმა ნიღბიანმა მომიტინგეებმა ხანძარი გააჩინეს.
მარსელსა და ლილში კი მერიის ორ შენობაში ძალის გამოყენებით შეიჭრნენ და დააზიანეს.
ბორდოში პოლიციის შენობა დაარბიეს, ხოლო ლიონში დემონსტრანტებმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დაწვეს.
ძალადობრივმა მოვლენებმა მსოფლიო მედიაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მომხდარში მიგრაცია დაადანაშაულა.
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვენსმა აღნიშნა: „დასავლელმა ლიბერალებმა მრავალფეროვნებისა და თანაგრძნობის სახელით მესამე სამყარო საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში გადმოიტანეს. მათ უგულებელყვეს ფუნდამენტური კითხვები ასიმილაციასა და ინტეგრაციასთან დაკავშირებით“.
პრეზიდენტმა მაკრონმა კი განაცხადა: „ყველა, ვინც ვანდალიზმს ეწევა, თავს ესხმის საჯარო დაწესებულებებს ან ბიზნესებს, ან მონაწილეობს ძარცვაში, მათ შორის ჩვენი მერიების წინააღმდეგ, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და დაისჯება“.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აპრილსა და მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონის ადგილის დაკავება სურთ, ეს ქაოსი თავიანთი პოლიტიკური დებატების დღის წესრიგში მოაქციეს.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მარინ ლე პენმა დაგმო „მეამბოხეები“ და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში მისმა ულტრამემარცხენე მეტოქემ, ჟან-ლუკ მელანშონმა და მისმა პარტიამ „ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინეს“.
ლე პენმა პირობა დადო, რომ ფრანგებს „ულტრამემარცხენეების ძალადობისგან“ დაიცავს.
მელანშონმა, რომელიც მტკიცედ უჭერდა მხარს დემონსტრაციებსა და მანამდე გამართულ სტუდენტურ პროტესტებს, განაცხადა, რომ ძარცვა-გლეჯა „მათი მეთოდების საწინააღმდეგოა“ და მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.
„რევოლუცია“
საფრანგეთის „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობამ, რომელმაც რვა წლის წინ მაკრონის მთავრობის მიერ საწვავზე გადასახადების გაზრდის გეგმის წინააღმდეგ ქუჩის აქციები გამართა, შაბათს მომიტინგეებს მოუწოდა დემონსტრაციებისკენ სლოგანით: „ყვითლები და ახალგაზრდები“.
პროტესტის მთავარი მიზეზი იყო ცხოვრების სიძვირე, რომელიც ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმაც შეუწყო ხელი.
სტრასბურგში მასწავლებელმა რეჟინ მონფრუამ AFP-სთან განაცხადა: „დავიღალეთ მონებივით მუშაობით მათხოვრულ ხელფასზე, მაშინ როცა ჩვენი ბინის ქირა განუწყვეტლივ იზრდება“.
თუმცა მომიტინგეებს სხვა უკმაყოფილებებიც ჰქონდათ
პარიზში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა მასშტაბურ მსვლელობას, რომელმაც ქალაქის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებზე გაიარა. ზოგიერთი მომიტინგე სკანდირებდა სლოგანებს: „ყველას სძულს პოლიცია“ და „მაკრონ, გადადექი!“.
18 წლის სკოლის მოსწავლემ, ქამილ ალაჰიანმა აღნიშნა: „მე მრავალი მიზეზის გამო ვაპროტესტებ. მათ შორისაა მოახლოებული 2027 წლის არჩევნები, მატყუარა პოლიტიკოსები და ულტრამდიდრები, რომლებმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვეს“.
ზოგიერთმა დემონსტრანტმა მომხდარ მოვლენებსა და 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციას შორის პარალელი გაავლო.
მარსელში მერის კაბინეტში შეჭრილი ზოგიერთი მომიტინგე ყვიროდა: „ეს რევოლუციაა, ჩვენ ბასტილიას ვიღებთ!“.
ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლა-როშელში მსვლელობის მონაწილეები მიჰყვებოდნენ ბანერს წარწერით: „რევოლუცია ან სიკვდილი“.
სამხრეთით, ქალაქ მონპელიეში კი ცენტრალურ მოედანზე გაიშალა გიგანტური ლურჯი ბანერი წარწერით: „ხალხი გაიმარჯვებს“.
სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების (LSU) პრეზიდენტმა, რიად რანიმ პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა: „მთავრობა კანკალებს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან როდესაც ფრანგი ხალხი ბრაზდება, ის უკან არასდროს იხევს“.




















