მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის ძალები კარტელის ლიდერის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ

პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა: „ოპერაციამდე, რომელიც გავლენიანი კარტელის ლიდერის, „ელ მენჩოს“ მკვლელობით დასრულდა, აშშ-მა მექსიკის მთავრობას მხოლოდ სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა“.

By
მექსიკის პრეზიდენტი: აშშ-ის ძალები კარტელის ლიდერის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ / Reuters

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (CJNG) გავლენიანი ლიდერის სიკვდილი მოჰყვა, და რომ ვაშინგტონმა მთავრობას მხოლოდ სადაზვერვო მონაცემები მიაწოდა.

ნემესიო ოსეგერა სერვანტესი, რომელიც ცნობილია როგორც „ელ მენჩო“, კვირას მექსიკის ძალებმა დასავლეთ მექსიკაში, ხალისკოს შტატის ტაპალპას მუნიციპალიტეტის ტყიან მაღალმთიანეთში მოკლეს.

შეინბაუმის თქმით, ოსეგერას გასანეიტრალებელი ოპერაცია მექსიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ძალების მიერ თვეების განმავლობაში საგულდაგულოდ იგეგმებოდა, აშშ-მა კი მხოლოდ დამატებითი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა. კითხვაზე აშშ-ის როლის შესახებ, მან უპასუხა: „ყველა ოპერაცია ფედერალური ძალების მიერ ჩატარდა. ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ინფორმაციის ფართომასშტაბიან გაცვლას“.

შეინბაუმის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მთავრობამ და უწყებამ - განსაკუთრებით აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობამ (US Northern Command) და ინტერპოლმა - შეიტანეს წვლილი სადაზვერვო მონაცემების მიწოდებაში, თუმცა არცერთ უცხოურ ძალას არ მიუღია მონაწილეობა იმ ქმედებების დაგეგმვაში ან განხორციელებაში, რომლებმაც „ელ მენჩოს“ მმართველობა დაასრულა.

„აშშ-სთან შეთანხმება ძირითადად სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში იყო აშშ-ის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია... თუმცა მთელი ოპერაცია, დაგეგმვის მომენტიდან, ფედერალური ძალების პასუხისმგებლობა იყო“, - დასძინა მან.

ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი დამნაშავე

მექსიკის თავდაცვის მდივნის, გენერალ რიკარდო ტრევილა ტრეხოს თქმით, ხელისუფლებამ კარტელის ლიდერის პარტნიორთან დაკავშირება შეძლო; პარტნიორმა დაადასტურა, რომ 21 თებერვალს ოსეგერა ხალისკოს შტატის ტაპალპას მუნიციპალიტეტში იმალებოდა.

ოპერაციის თავდაპირველი მიზანი ოსეგერას დაკავება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც მისმა დაცვამ მექსიკის ძალებს ძალისმიერი წინააღმდეგობა გაუწია, ოსეგერა სასიკვდილოდ დაიჭრა.

„მონაცემები მისი პარტნიორის, თანამშრომლებისა და ახლო გარემოცვის შესახებ ჩვენი სამხედრო დაზვერვისგან მოვიდა. ასევე იყო აშშ-ის მიერ მოწოდებული დამატებითი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია; მხოლოდ ამ მონაცემების გაერთიანებისა და სათანადო ანალიზის შემდეგ მივიღეთ მისი ზუსტი ადგილსამყოფელი“, - განაცხადა ტრევილამ.

2016 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ელ მენჩო“ ყველაზე ძებნილ დამნაშავეთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა; დასავლეთ ტეხასის საოლქო სასამართლო მას ნარკოტრაფიკსა და ფულის გათეთრებაში სდებდა ბრალს. 2024 წლის დეკემბერში აშშ-ის მთავრობამ მისი დაკავებისთვის ხელშემწყობი ინფორმაციის სანაცვლოდ 15 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

სასტიკი შურისძიება

ორშაბათს მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, ომარ გარსია ჰარფუჩის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასამართლო-სამედიცინო და დნმ-ის ექსპერტიზის შემდეგ ოსეგერას ვინაობა დადასტურდა.

„ელ მენჩოს“ მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის ბევრ შტატში შურისძიების ტალღა მოჰყვა. უსაფრთხოების ორგანოების ცნობით, 20 შტატში სულ 252 გზის გადაკეტვის შემთხვევა დაფიქსირდა; დაიწვა კომერციული ობიექტები და მოხდა შეტაკებები უსაფრთხოების ძალებთან.

ჰარფუჩის თქმით, „ელ მენჩოს“ დაკავების ოპერაციის შემდეგ განხორციელებულ „ლაჩრულ თავდასხმებში“ უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ 27 შეტევა დაფიქსირდა.

ჯამში კარტელის 34 სავარაუდო წევრი დაიღუპა და 70 პირი დააკავეს. დანაკარგები განიცადეს უსაფრთხოების ძალებმაც: დაიღუპა ეროვნული გვარდიის 25 წევრი და ერთი ჯარისკაცი.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება და ქვეყანაში ძალადობის სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„ამჟამად მშვიდობა და სიმშვიდე სუფევს, რაც მთავარია, ჩვენ ვმუშაობთ. თუ დღეს რაიმე სიტუაცია შეიქმნება, გვაქვს საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი, ყველა ფედერალური ძალა კოორდინირებულად მოქმედებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოორდინაციაში ვართ რესპუბლიკის ყველა შტატთან“, - განაცხადა მან.