ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გააფრთხილა, რომ მზარდი მრავალპოლარული სამყარო მოითხოვს მრავალმხრივ გადაწყვეტილებებს და არა გავლენის სფეროების პოლიტიკას, სადაც ძალისმიერი პოლიტიკა ანაცვლებს საერთაშორისო სამართალს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
ანტონიო კოშტა / Reuters

ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და მზარდი გეოპოლიტიკური მეტოქეობა ასუსტებს საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ გლობალურ სისტემას.

სამშაბათს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას კოშტამ განაცხადა, რომ მსოფლიო დგას ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე, სადაც დიდი სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად სინჯავენ გლობალურ ნორმებს.

„ჩვენ ვიცით ახალი რეალობა,“ - თქვა კოშტამ. „რუსეთი არღვევს მშვიდობას, ჩინეთი აფერხებს ვაჭრობას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“.

კოშტას თქმით, ევროკავშირმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალში ასახული პრინციპების დასაცავად. მან დასძინა: „ჩვენს ინტერესებშია, რომ მსოფლიო წესრიგი დარჩეს წესებსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ასევე, ჩვენს ინტერესებშია თავიდან ავიცილოთ შემდგომი გლობალური ფრაგმენტაცია“.

პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ ჩამოყალიბებული მრავალპოლარული სამყარო მოითხოვს უფრო ძლიერ მრავალმხრივ თანამშრომლობას და არა გავლენის სფეროებში დაბრუნებას, სადაც ძალისმიერი პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის ადგილს იკავებს.

კოშტა ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ევროკავშირის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისეთ შეფერხებებს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, შეიძლება სერიოზული გლობალური ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო თავდასხმებით გამოწვეულ კონფლიქტზე საუბრისას კოშტამ თქვა: „ამ ომში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვებულია: რუსეთი“.

რუსეთის მისამართით მან დასძინა: „რაც უფრო იზრდება ენერგიის ფასები, ის იღებს ახალ რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად“.

„რუსეთი სარგებლობს იმით, რომ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა უკრაინას დახმარებოდა, სხვა მიმართულებით გადამისამართდა. იგი ასევე სარგებლობს უკრაინის ფრონტის მიმართ ინტერესის შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წინა პლანზე წამოვიდა“, — დაამატა კოშტამ.

კოშტამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ირანელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ჩარევას არ მოაქვს თავისუფლება ან ადამიანის უფლებები.

„ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სრულად უნდა იყოს დაცული, თუმცა თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ დამყარდება. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს,“ - განაცხადა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ევროკავშირს ზოგჯერ უჭირს კრიზისების დროს სწრაფი კონსენსუსის მიღწევა, თუმცა ბლოკმა წარსული გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს.

„ვიცი, რამდენად რთულია ხანდახან დროულად საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად ამისა, კრიტიკული გაკვეთილები, როგორიცაა კრიზისის მომენტებში სწრაფი მოქმედების აუცილებლობა -როგორც ეს ღაზაში ვიხილეთ - უკვე მიღებული უნდა გვქონდეს,“ - თქვა კოშტამ.

აღმოაჩინეთ
ფიფას პრეზიდენტი: ირანი მსოფლიო ჩემპიონატში ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას
თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარემ ისრაელის გაეროს წევრობის შეჩერება მოითხოვა
ომის მიერ ენერგეტიკული აქტივებისთვის ზარალის ღირებულებამ შესაძლოა 58 მილიარდ დოლარს მიაღწიოს
ვიეტნამი ჩინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა
25-მა გემმა ჰორმუზის სრუტე გაიარა, აშშ-ის ბლოკადის მიუხედავად საზღვაო მიმოსვლა გრძელდება
საბერძნეთს მიგრანტების დაქირავებულ მებრძოლებად გამოყენებაში ადანაშაულებენ
იტალია ისრაელთან თავდაცვის შეთანხმებას ყინავს
ირანი 5 არაბულ ქვეყანას აშშ-ისრაელთან თანამშრომლობისთვის კომპენსაციას სთხოვს
ჩინეთისა და ესპანეთის გზავნილი ერთიანობის შესახებ „დაშლილ“ მსოფლიო წესრიგში
ვენსი: პაკისტანში ირანთან გამართულ მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესია“ მიღწეული
კანცლერმა მერცმა ნეთანიაჰუ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს „ნაწილობრივი ანექსიის“ შესახებ გააფრთხილა
რუსეთსა და უკრაინას შორის სააღდგომო ზავი დასრულდა
ანტალიის მეხუთე დიპლომატიური ფორუმი აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება
ერდოღანმა და მაკრონმა ირანში ცეცხლის შეწყვეტის, ლიბანისა და ღაზის შესახებ ისაუბრეს