ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 2 წუთი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გააფრთხილა, რომ მზარდი მრავალპოლარული სამყარო მოითხოვს მრავალმხრივ გადაწყვეტილებებს და არა გავლენის სფეროების პოლიტიკას, სადაც ძალისმიერი პოლიტიკა ანაცვლებს საერთაშორისო სამართალს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აფრთხილებს: აშშ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს გამოწვევას უქმნის
ანტონიო კოშტა / Reuters

ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და მზარდი გეოპოლიტიკური მეტოქეობა ასუსტებს საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ გლობალურ სისტემას.

სამშაბათს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე გამოსვლისას კოშტამ განაცხადა, რომ მსოფლიო დგას ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე, სადაც დიდი სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად სინჯავენ გლობალურ ნორმებს.

„ჩვენ ვიცით ახალი რეალობა,“ - თქვა კოშტამ. „რუსეთი არღვევს მშვიდობას, ჩინეთი აფერხებს ვაჭრობას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები გამოწვევას უქმნის საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“.

კოშტას თქმით, ევროკავშირმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იმუშაოს გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართალში ასახული პრინციპების დასაცავად. მან დასძინა: „ჩვენს ინტერესებშია, რომ მსოფლიო წესრიგი დარჩეს წესებსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული. ასევე, ჩვენს ინტერესებშია თავიდან ავიცილოთ შემდგომი გლობალური ფრაგმენტაცია“.

პრეზიდენტმა გააფრთხილა, რომ ჩამოყალიბებული მრავალპოლარული სამყარო მოითხოვს უფრო ძლიერ მრავალმხრივ თანამშრომლობას და არა გავლენის სფეროებში დაბრუნებას, სადაც ძალისმიერი პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის ადგილს იკავებს.

კოშტა ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ევროკავშირის ლიდერმა აღნიშნა, რომ ისეთ შეფერხებებს, როგორიცაა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, შეიძლება სერიოზული გლობალური ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო თავდასხმებით გამოწვეულ კონფლიქტზე საუბრისას კოშტამ თქვა: „ამ ომში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გამარჯვებულია: რუსეთი“.

რუსეთის მისამართით მან დასძინა: „რაც უფრო იზრდება ენერგიის ფასები, ის იღებს ახალ რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად“.

„რუსეთი სარგებლობს იმით, რომ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა უკრაინას დახმარებოდა, სხვა მიმართულებით გადამისამართდა. იგი ასევე სარგებლობს უკრაინის ფრონტის მიმართ ინტერესის შემცირებით, რადგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი წინა პლანზე წამოვიდა“, — დაამატა კოშტამ.

კოშტამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ირანელი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ჩარევას არ მოაქვს თავისუფლება ან ადამიანის უფლებები.

„ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები სრულად უნდა იყოს დაცული, თუმცა თავისუფლება და ადამიანის უფლებები ბომბებით ვერ დამყარდება. მათ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი იცავს,“ - განაცხადა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ევროკავშირს ზოგჯერ უჭირს კრიზისების დროს სწრაფი კონსენსუსის მიღწევა, თუმცა ბლოკმა წარსული გამოცდილებიდან უნდა ისწავლოს.

„ვიცი, რამდენად რთულია ხანდახან დროულად საერთო ენის გამონახვა. მიუხედავად ამისა, კრიტიკული გაკვეთილები, როგორიცაა კრიზისის მომენტებში სწრაფი მოქმედების აუცილებლობა -როგორც ეს ღაზაში ვიხილეთ - უკვე მიღებული უნდა გვქონდეს,“ - თქვა კოშტამ.

აღმოაჩინეთ
COP31-ში მონაწილეობას 6 კონტინენტიდან 102 ლიდერი მიიღებს
ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა
ჰამასი ღაზაში კარვის ჩამონგრევასთან დაკავშირებით: „პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება“
საფრანგეთი: აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნება
ეგვიპტეში მატარებლის ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაშავდა
გამოქვეყნდა თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება პრესისთვის
პრეზიდენტ ერდოღანის მილოცვა აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
საუდის არაბეთის 3 ქალაქში ადრეული გაფრთხილების სისტემა ამოქმედდა
იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა
ყარაბაღის გამარჯვებიდან 6 წელი გავიდა
ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი ნაღმზე აფეთქდა
MİT-ის ხელმძღვანელი ქალნი: პრობლემა პალესტინა კი არა, ოკუპაციაა
TRT World Forum 2026-ზე გაიმართა პანელი: „თურქეთი: რეგიონული ძალიდან რეგიონთაშორის აქტორამდე“