ბალიქესირში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მე-9 მთავარი საავიაციო ბაზიდან აფრენილ F-16 ტიპის თვითმფრინავთან რადიოკავშირი და რადარის სიგნალი გაწყდა
ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი F-16 ტიპის გამანადგურებელი ბალიქესირის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა.
სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი დროით 00:56 საათზე, მე-9 მთავარი საავიაციო ბაზიდან აფრენილ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. დაუყოვნებლივ დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია თვითმფრინავის ნამსხვრევები.
„ჩვენი პილოტი გმირულად დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს კეთილშობილ ერს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ბალიქესირის გუბერნატორმა, ისმაილ უსთაოღლუმ, ასევე მიუსამძიმრა დაღუპული პილოტის ოჯახს.