ისრაელმა პირველად აღიარა, რომ ღაზის გენოციდის შედეგად 71 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელმა პირველად აღიარა, რომ ღაზის გენოციდის შედეგად 71 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

By
ისრაელმა პირველად აღიარა, რომ ღაზის გენოციდის შედეგად 71 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა / AP

გაზეთ Haaretz-ის ინფორმაციით, რომელიც მაღალჩინოსან წყაროს ეყრდნობა, ისრაელის არმიამ პირველად აღიარა პალესტინური მხარის მიერ მოწოდებული მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ისრაელი მათ, ვინც ღაზის ოფიციალურ ციფრებს ენდობოდა, „ჰამასის მხარდამჭერებად“ მოიხსენიებდა.

ისრაელის საოკუპაციო ძალებმა აღიარეს პალესტინის ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება, რომლის მიხედვითაც, ორწლიანი გენოციდის განმავლობაში დაახლოებით 71 000 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელური გაზეთის, Haaretz-ის ხუთშაბათის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც არმია ეთანხმება სამინისტროს ციფრებს, რომლებსაც მანამდე „არასანდოსა“ და „შეცდომაში შემყვანს“ უწოდებდა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, ისრაელის მიერ პალესტინის ანკლავში დაწყებული გენოციდის შედეგად, ამ დრომდე 71 667 დაღუპული დააფიქსირა. ისრაელის საოკუპაციო ძალებმა აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები არ მოიცავს დაკარგულებს და მათ, ვინც სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

გაზეთი Haaretz წერს: „ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) აღიარეს ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება, რომ ისრაელ-ღაზის ომის დროს დაახლოებით 71 000 პალესტინელი დაიღუპა და აღნიშნეს, რომ ეს რიცხვი სავარაუდოდ არ მოიცავს ნანგრევების ქვეშ მოყოლილ დაკარგულ პირებს“.

გაზეთმა ასევე დაამატა: „სამინისტროს აღრიცხვა მოიცავს მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ ისრაელის ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა და არ ითვალისწინებს შიმშილით ან დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას“.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მკვლევრების მიერ შესწავლილი მონაცემები ფართოდ მიიჩნევა სანდოდ. ზოგიერთი კვლევა, მათ შორის 2025 წლის ივნისში გამოქვეყნებული ნაშრომი, ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს - გასული წლის დასაწყისისთვის ძალადობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 200 000-ს აღწევდა.

ექსპერტების განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები ზომიერია და მკაცრი ბლოკადის გამო შიმშილითა თუ დაავადებებით გარდაცვლილებს შესაძლოა საერთოდ არ ითვალისწინებდეს.

ისრაელი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

ისრაელის მიერ ღაზაში მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამ 171 000-ზე მეტი ადამიანის დაშავება გამოიწვია, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ისრაელის საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის 90%. გაეროს შეფასებით, ღაზის აღდგენა, სადაც სულ 2,4 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს (მათ შორის 1,5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი), 7 მილიარდი დოლარი დაჯდება.

მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ისრაელის ძალები კვლავ ზღუდავენ შეთანხმებული რაოდენობის საკვების, მედიკამენტებისა და თავშესაფრის მასალების შეტანას. შეთანხმების ყოველდღიურმა დარღვევებმა კიდევ 488 პალესტინელის სიკვდილი გამოიწვია.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, ისრაელი კვლავ განიხილება როგორც საოკუპაციო ძალა ღაზაში, რადგან ის სრულად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, სანაპირო ზოლს და ტრანსპორტის ყველა შესასვლელ-გასასვლელს.

აღდგენითი სამუშაოების ხარჯები კვლავ კრიტიკულ პრობლემად რჩება დონორი ქვეყნებისთვის, რომლებსაც რაფაჰის პროექტებისთვის დაფინანსების მექანიზმი ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავთ.

მაშინ, როცა დაღუპულთა რიცხვი 71 000-ს აჭარბებს, ბლოკადაში მყოფი მილიონობით პალესტინელისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფული რჩება.