7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში
მალუკუს (მოლუკის) ზღვაში მომხდარმა 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ რეგიონული ცუნამის გაფრთხილება და შემოწმებები გამოიწვია. ხელისუფლება ცდილობს მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას და შენობების დაზიანების ხარისხის შეფასებას.
ხუთშაბათს, დილით ადრე, ინდონეზიის აღმოსავლეთით, მალუკუს ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში კი ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიცა. საინფორმაციო სააგენტო Antara News-ის ცნობით, გარდაცვალების შემთხვევა ქალაქ მანადოში დაფიქსირდა.
ინდონეზიური ტელეარხის, Metro TV-ის ინფორმაციით, მსხვერპლი ნანგრევების ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა, გავრცელებულ კადრებში კი რეგიონში დაზიანებული შენობები ჩანს. აშშ-ის ცუნამის გაფრთხილების სისტემამ განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის რადიუსში შესაძლოა წარმოიქმნას ტალღები, რომლებიც გავლენას მოახდენს ინდონეზიის, ფილიპინებისა და მალაზიის სანაპიროებზე.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრა 35 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ტერნატედან (რომლის მოსახლეობაც 205 000-ზე მეტია) დაახლოებით 127 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, აბდულ მუჰარიმ განაცხადა, რომ სამაშველო ჯგუფები ამოწმებენ შენობებს ჩრდილოეთ სულავესიში (მანადოსა და ბიტუნგში) და ჩრდილოეთ მალუკუში (ტერნატეში), რათა დაადგინონ, ხომ არ არიან დამატებითი მსხვერპლი.
მუჰარიმ ავსტრალიურ ABC News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისინი კვლავ აგროვებენ მონაცემებს თითოეულ ლოკაციაზე დაზარალებულთა რაოდენობისა და მიყენებული ზიანის დასადასტურებლად. მან ასევე დასძინა, რომ რეგიონული სააგენტოებიდან ადრეც მიიღეს ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა ზუსტი ციფრები მოგვიანებით გახდება ცნობილი, რადგან ჯგუფები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.
მანადოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა პანიკაში დატოვეს სახლები. მის უბანში სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა, თუმცა ნივთები იატაკზე დაიყარა და ელექტროენერგია გაითიშა.
რამდენიმე რეგიონის, მათ შორის ტერნატესა და ტიდორეს (რომელიც ისტორიული „სანელებლების კუნძულების“ ნაწილია) ხელისუფლებამ მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციისთვის მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა.
ინდონეზია მდებარეობს წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელზე“, სადაც ტექტონიკური ფილების შეპირაპირება ხდება, რაც ხშირ მიწისძვრებსა და ვულკანურ აქტივობას იწვევს.