ამერიკის შეერთებული შტატების მიერ Rosneft-ისა და Lukoil-ის, ასევე მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, ორი კომპანიის მთლიანი საბაზრო ღირებულება 5.2 მილიარდი დოლარით შემცირდა.
პარასკევს, Rosneft-ის აქციები 3%-ით დაეცა და 4.19 დოლარი შეადგინა; დღის განმავლობაში ის 4.12 დოლარამდე დაეცა, რაც 2023 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. ამ ვარდნამ კომპანიის საბაზრო ღირებულებიდან 127 მილიარდი რუბლი წაიღო.
Lukoil-ის აქციები კი ორ დღეში 7.2%-ით შემცირდა, რამაც 3.66 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.
Lukoil-ის მთავარმა აქციონერმა, მილიარდერმა ვაგიტ ალეკპეროვმა, რომელსაც 28% წილი აქვს, ორ დღეში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიიღო.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დაწესებული პირველი სანქციები კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.
დმიტრი პოლევოიმ, Astra Asset Management-ის საინვესტიციო დირექტორმა, Moscow Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „ექსპორტის მოცულობა შეიძლება შემცირდეს ხარჯების რესტრუქტურიზაციის პარალელურად, და რუსულ ნავთობზე ფასდაკლებები ალბათ გაიზრდება“.
Alfa Bank-ის ანალიტიკოსებმა კი გააკეთეს გაფრთხილება, რომ მეორადი სანქციების შეშფოთების გამო Rosneft-ისა და Lukoil-ის უცხოელი პარტნიორების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, რამაც შესაძლოა შეაფერხოს მიწოდება მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
Rosneft-ის მოგება 2025 წლის პირველ ნახევარში მესამედით შემცირდა, Lukoil-ის მოგება კი განახევრდა; ეს მიუთითებს მკვეთრ ფინანსურ ვარდნაზე ახალი სანქციების დაწესებამდე.
Alor Broker-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ბაზრის სამომავლო რეაქცია დამოკიდებული იქნება იმაზე, აშშ-ს სამიზნე გახება თუა არა ბანკები, რომლებიც შუამავლობენ რუსული ნავთობის ვაჭრობას. „უცხოურმა ბანკებმა შეიძლება არ განახორციელონ ოფიციალური გადახდები რუსულ კომპანიებზე, რადგან ნავთობი ხშირად შუამავალი ფირმების მეშვეობით იყიდება“, - განაცხადეს მათ.
პარასკევს მოსკოვის ბირჟაზე Rosneft-ისა და Lukoil-ის აქციები წამყვან კომპანიებს შორის ყველაზე მკვეთრად დაეცა.
რუსეთის ეკონომიკური წარმომადგენელი აშშ-ში
ამასობაში, რუსეთის უმაღლესმა ეკონომიკურმა მომლაპარაკებელმა განაცხადა, რომ პარასკევს ჩავიდა აშშ-ში, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიაზე სანქციების დაწესიდან ორი დღის შემდეგ.
ვიზიტი ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც აშშ სულ უფრო მეტად უკმაყოფილოა პუტინით და მისი ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით.
კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა, რადგან არ სურდა „ტყუილად ჩავლილი“ შეხვედრა.
პუტინის მთავარმა ეკონომიკურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა X-ზე დაწერა: „აშშ-ში ჩამოვედი აშშ-რუსეთის დიალოგის გასაგრძელებლად — ეს ვიზიტი ადრე იყო დაგეგმილი აშშ-ის მხარის მოწვევით“.
დმიტრიევმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გადასცემდა რუსეთის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
მან TASS-ს განუცხადა: „უკრაინა სამწუხაროდ ძირს უთხრის დიალოგს, რომელიც გვჭირდება — ამას ისევ ბრიტანელებისა და ევროპელების მოთხოვნით აკეთებს, რადგან მათ სურთ კონფლიქტის გაგრძელება“.
ბოლო სანქციების ტალღაზე საუბრისას, დმიტრიევმა — რომელიც ყოფილი Goldman Sachs-ის ბანკირი და სტენფორდის კურსდამთავრებულია — განაცხადა, რომ ეს ზომები უკუშედეგს გამოიღებდა, გაზრდიდა ბენზინის ფასებს აშშ-ში და უარყოფითად იმოქმედებდა ჩვეულებრივ ამერიკელებზე. „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ინტერესებს პატივს სცემენ“. - დასძინა მან.











