ახალმა კვლევამ გამოავლინა ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც 100 წელს გადაცილებულ პირებს კიბოსა და სხვა დაავადებებისგან დაცვაში შესაძლოა ეხმარებოდეს. ჟურნალ Cell Press-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, დადგინდა, რომ ამ ადამიანების იმუნურ სისტემაში იშვიათი სახეობის T-უჯრედები დროთა განმავლობაში მრავლდება და ადაპტირდება.
ოსაკას უნივერსიტეტის იმუნოლოგის, კოსუკე ჰაშიმოტოს ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებმა დაადგინეს, რომ CD4 T-უჯრედები, რომლებიც იმუნურ სისტემაში ჩვეულებრივ დამხმარე როლს ასრულებენ, ასაკის მატებასთან ერთად „მკვლელ“ T-უჯრედებად (CD4 CTL) გარდაიქმნებიან.
ეს უჯრედები, რომლებიც იზრდება და ინარჩუნებს აქტიურობას, ორგანიზმში ინფიცირებული ან სიმსივნური უჯრედების გამოვლენასა და განადგურებას ემსახურება.
იაპონიაში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 28 მონაწილის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს. 70, 80 და 90-იანი წლების ასაკობრივ ჯგუფებში ამ „მკვლელი“ უჯრედების წილი საშუალოდ 4%-ს შეადგენდა, მაშინ როცა 100 წლის პირებში ეს მაჩვენებელი 9,6%-მდე, ხოლო 110 წელს გადაცილებულებში 17,6%-მდე გაიზარდა.
მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ეს უჯრედები ასაკთან ერთად იმუნური სისტემის გამოფიტვის ნიშანი კი არ არის, არამედ წარმოადგენს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების წინააღმდეგ შემუშავებული ადაპტაციური მექანიზმის ნაწილს.
კვლევამ გამოავლინა, რომ 100 წელს გადაცილებულ ადამიანებში აღნიშნული უჯრედების დაახლოებით მესამედი ერთი ორიგინალური უჯრედის კლონია.
ექსპერტების ვარაუდით, ასაკის მატებასთან ერთად ანომალიური და სიმსივნური უჯრედების საფრთხის საპასუხოდ, იმუნური სისტემა ამ სპეციალურ უჯრედებს ამრავლებს და თავდაცვის მექანიზმს ქმნის.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი ნაბიჯია განსაკუთრებული დღეგრძელობის საიდუმლოებისა და დაბერებასთან დაკავშირებული უჯრედული ცვლილებების უკეთ გასაგებად.




















