თურქეთმა, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ ერთობლივი განცხადებით დაგმეს ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული უწყვეტი თავდასხმები, მათ შორის რიადში, მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმა.
ოთხი ქვეყნისგან შემდგარი R4 ჯგუფის მიერ კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ობიექტების დაზიანება მოჰყვა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები „საუდის არაბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს“.
ოთხმა ქვეყანამ თავდასხმები შეაფასა, როგორც „სახიფათო ესკალაცია, რომლის გამართლება ან მიღება არანაირი საფუძვლით არ შეიძლება“.
საუდის არაბეთის მიმართ სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვისას ქვეყნებმა განაცხადეს, რომ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ რიადის ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ყველა კანონიერ ნაბიჯს, რომლებიც მიმართული იქნება თავდასხმების აღკვეთისკენ, საფრთხის წყაროების შეკავებისა და მსგავსი თავდასხმების განმეორების თავიდან აცილებისკენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰუსიტებს „სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“ როგორც თავდასხმების შედეგებზე, ისე იმ შესაძლო მოვლენებზე, რომლებიც რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
R4 ჯგუფმა მოითხოვა თავდასხმების „დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა“.























