სირიამ და საუდის არაბეთმა 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმეს

სირიამ და საუდის არაბეთმა 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმეს

/ AP

სირიამ და საუდის არაბეთმა 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებების გაფორმებისთვის პირველი საინვესტიციო ფორუმი გახსნეს. ეს ფორუმი ორ ქვეყანას შორის პირველი მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა სირიაში ასადის რეჟიმის დამხობით დაწყებული პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის შემდეგ.

ხუთშაბათს, დამასკოში, სირიამ და საუდის არაბეთმა ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად პირველი ერთობლივი საინვესტიციო ფორუმი დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც 6,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ათობით ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

დამასკოს საპრეზიდენტო სასახლეში გამართული ფორუმი სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარამ და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის, ხალიდ ალ-ფალიჰის ხელმძღვანელობით მაღალი დონის დელეგაციამ გახსნეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ მხარეები ხელს მოაწერენ 47 შეთანხმებასა და მემორანდუმს, რომელთა საერთო ღირებულება 24 მილიარდ საუდურ რიალს (დაახლოებით 6,4 მილიარდი დოლარი) შეადგენს. ეს შეთანხმებები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და კიბერუსაფრთხოება.

ალ-ფალიჰმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში დაფუძნებული კომპანია „Bayt Al-Ibaa“ ქალაქ ჰომსში მნიშვნელოვანი კომერციული პროექტის განსახორციელებლად მსხვილ კონტრაქტს გააფორმებს. პროექტიდან მიღებული შემოსავალი სირიაში საზოგადოების მხარდაჭერას მოხმარდება. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში 4 მილიარდი რიალის (1,66 მილიარდი დოლარი) ღირებულების ხელშეკრულებები გაფორმდება.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა, ჰამზა ალ-მუსტაფამ განაცხადა, რომ ეს შეთანხმებები სირიის 14-ვე პროვინციაში 50 000 სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. „ეს შეთანხმებები მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონსა და სექტორს,“ - განაცხადა ალ-მუსტაფამ ფორუმის წინ, ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს ფორუმი მნიშვნელოვანი მოვლენაა დამასკო-რიადის ურთიერთობებში, რომელიც სირიაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ თანდათან უმჯობესდება. 2024 წლის ბოლოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება დაიწყო და რეგიონულ და საერთაშორისო აქტორებთან პარტნიორობის გაძლიერებისკენ ნაბიჯები გადადგა.

ასადი, რომელიც ქვეყანას დაახლოებით 25 წლის განმავლობაში მართავდა, დეკემბერში რუსეთში გაიქცა, რითაც დასრულდა 1963 წლიდან მმართველი ბაასის პარტიის რეჟიმი. იანვარში კი ალ-შარას ხელმძღვანელობით ახალი გარდამავალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა.