პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ტერორისტების თავშესაფარში აფეთქებისას სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის უსაფრთხოების ძალები ხაიბერში, ბაჯაურსა და ჩრდილო-დასავლეთის სხვა ნაწილებში TTP-ის ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებენ.

/ Reuters

პოლიციის განცხადებით, პაკისტანის თალიბანთან დაკავშირებული ტერორისტების მიერ ერთ-ერთ თავშესაფარში დამალული ბომბების დასამზადებელი მასალა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ორშაბათს აფეთქდა, რამაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ტერორისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების.

აფეთქება მოხდა ხაიბერ-პახტუნხვაs პროვინციის ტირაჰის ხეობაში და გარშემო მდებარე მრავალი სახლი გაანადგურა. ადგილობრივმა პოლიციელმა ზაფარ ხანმა განაცხადა, რომ სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები, დაიღუპა და სულ მცირე 14 ტერორისტი მოკვდა.

ხანის თქმით, ამ დასახლებაში იმალებოდნენ და მას გზისპირა ბომბების წარმოების ქარხნად იყენებდნენ "პაკისტანის თალიბანის" სახელით ცნობილი ორგანიზაციის, "თეჰრიქ-ე-თალიბან პაკისტანის" (TTP) ორი ადგილობრივი მეთაური, ამან გული და მასუდ ხანი.

ხანმა ასევე დაადანაშაულა TTP-ის ტერორისტები მშვიდობიანი მოქალაქეების ცოცხალ ფარად გამოყენებაში.

პაკისტანის უსაფრთხოების ძალები ოპერაციებს ატარებენ TTP-ის ტერორისტების წინააღმდეგ ხაიბერში, ბაჯაურსა და ჩრდილო-დასავლეთის სხვა რეგიონებში.

პაკისტანში ტერორისტული თავდასხმების ზრდა შეინიშნება, რომელთა უმეტესობა TTP-ის მიერ არის განხორციელებული. TTP ავღანეთის თალიბანთან მოკავშირე ჯგუფია, თუმცა ცალკე ორგანიზაციად ფუნქციონირებს. ვარაუდობენ, რომ ავღანეთის თალიბანის მიერ 2021 წელს ხელახლა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ TTP-მ ძალა მოიპოვა. ასევე ვარაუდობენ, რომ TTP-ის ბევრი ლიდერი და მებრძოლი ავღანეთში გაიქცა.