თურქეთმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა

პროკურორების განცხადებით, აღნიშნული ჯგუფი ინჯირლიქის ავიაბაზას უთვალთვალებდა და მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციას ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემდა.

By
თურქეთმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა / Anadolu Agency

თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხუთ პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაკავებულია ექვსი ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალად ედებათ ირანის სადაზვერვო სამსახურისთვის პოლიტიკური და სამხედრო ჯაშუშობა; დაკავებულთაგან ერთი ირანის, ხოლო ხუთი თურქეთის მოქალაქეა.

ოპერაცია სტამბოლის გენერალური პროკურატურის, სტამბოლის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფისა და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MIT) თანამშრომლობითა და კოორდინაციით განხორციელდა.

საქმის მასალების მიხედვით, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ოფიცრებთან.

ოფიციალური პირების თქმით, ეს ჯგუფი აგროვებდა სენსიტიურ ინფორმაციას ადანაში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ინჯირლიქის ავიაბაზის, ასევე თურქეთის სამხედრო ობიექტებისა და თურქეთსა თუ მესამე ქვეყნებში მდებარე სხვა მაღალი მნიშვნელობის ადგილების შესახებ. ეჭვმიტანილებს ასევე ბრალად ედებათ აღნიშნული საქმიანობისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის აღმოჩენა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯგუფი ეწეოდა უპილოტო საფრენი აპარატების კონტრაბანდას თურქეთის გავლით მესამე ქვეყნების წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ახორციელებდა დაზვერვასა და თვალთვალს ინჯირლიქის ბაზაზე და მოპოვებულ ინფორმაციას პირდაპირ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებს აწვდიდა.

დაკავებები სტამბოლში, ვანში, სამსუნში, იალოვასა და ანკარაში ერთდროულად ჩატარებული რეიდების შედეგად მოხდა.

ოფიციალური პირების განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ეჭვმიტანილები წარდგენილ იქნენ სასამართლოში და პოლიტიკური და სამხედრო ჯაშუშობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.