სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს სოციალური ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ დამამში, ალ-აჰსასა და ბუქაიქში საფრთხის გაფრთხილება ეროვნული საგანგებო სიტუაციების ადრეული გაფრთხილების პლატფორმის მეშვეობით გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ პირებს, რომლებმაც გამაფრთხილებელი შეტყობინება მიიღეს, სიმშვიდის შენარჩუნება და ოფიციალური უწყებების მითითებების შესრულება მოეთხოვათ.
განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდეს, საფრთხის გადავლამდე დარჩენილიყვნენ შენობებში, ფანჯრებისგან მოშორებით, უსაფრთხო ოთახში და არ გამოსულიყვნენ გარეთ, ხოლო მათ, ვინც ქუჩაში იმყოფებოდა — უახლოეს შენობას შეეფარებინათ თავი ან საიმედო ბარიერის უკან გამაგრებულიყვნენ.
ცოტა ხნის შემდეგ სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს მიერ გავრცელებულ მეორე განცხადებაში აღინიშნა, რომ საფრთხემ გადაიარა.
იმ ფონზე, როდესაც იემენში სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის შეტაკებები ბოლო პერიოდში გახშირდა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) იღებენ მიზანში საუდის არაბეთს, რომელსაც მათ წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლად მიიჩნევენ.
რეგიონში არსებული სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურა დროდადრო ხდება იემენის საზღვრიდან გაშვებული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების სამიზნე.
იემენში სამოქალაქო ომი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც 2014 წლის სექტემბერში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა დედაქალაქ სანასა და რამდენიმე პროვინციაზე კონტროლი დაამყარეს.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი არაბული კოალიცია 2015 წლის მარტიდან უჭერს მხარს იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას.























