მადუროს მხარდამჭერებმა კარაკასში მიტინგი გამართეს და სკანდირებდნენ: „გაათავისუფლეთ ჩვენი პრეზიდენტი“
მადუროს ვაჟმა, ნიკოლას მადურო გერამ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში განაცხადა, რომ მამამისის ახლო გარემოცვაში ჯაშუშები შეიპარნენ.
ვენესუელის დამხობილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა დაახლოებით 2000-მა ადამიანმა კვირას კარაკასში აქცია გამართა. ისინი ამერიკული ძალების მიერ დაკავებული და ნიუ-იორკის ციხეში გადაყვანილი მადუროსა და მისი მეუღლის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
დემონსტრანტებს თან ახლდა მადუროს მომხრე გასამხედროებული ფორმირებებისა და მოტოციკლისტების ჯგუფი, რომლებსაც ვენესუელის წითელი, ლურჯი და ყვითელი დროშები ეჭირათ.
წითელ პერანგში გამოწყობილ მამაკაცს, რომელსაც მადუროს წინამორბედისა და მენტორის, განსვენებული სოციალისტი ლიდერის უგო ჩავესის პორტრეტი ეჭირა, ხელში პლაკატი ეპყრა წარწერით: „გაათავისუფლეთ ჩვენი პრეზიდენტი“.
დემონსტრანტებს ასევე ჰქონდათ პლაკატი წარწერით „ვენესუელა არავის კოლონია არ არის“. ეს იყო პასუხი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შაბათის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი ვენესუელას გარკვეული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში „უმართავდა“.
ორშაბათს მადურო ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება „ნარკოტერორიზმის“ ბრალდებით, რომელიც აშშ-ში კოკაინის კონტრაბანდას უკავშირდება.
ვენესუელის საავადმყოფოებს აშშ-ის გამთენიისას განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ან დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა არ გამოუქვეყნებიათ.
„საზენიტო თავდაცვამ არ იმუშავა?“
ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმერ პადრინო ლოპესმა განაცხადა, რომ მადუროს დაცვის წევრების „დიდი ნაწილი“, ასევე სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები „სასტიკად“ იქნენ დახოცილნი, თუმცა დაღუპულთა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
ექიმთა ჯგუფმა სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 70 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა.
კარაკასში აქციის მონაწილეები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ მადუროს მისმა ახლო გარემოცვამ უღალატა, რამაც აშშ-ის სპეცრაზმს საშუალება მისცა ის ქვეყნის უდიდეს სამხედრო ბაზაზე დაეკავებინა.
„როგორ შეიძლებოდა საჰაერო თავდაცვას არ ემუშავა?“ - კითხულობს 69 წლის ბუღალტერი პაპა ხუანჩო. - „ნიკოლას მადურო მოღალატეებმა ჩამოაგდეს, რადგან იმ უსაფრთხოების ზომების პირობებში, რაც მას ჰქონდა, ეს არასდროს უნდა მომხდარიყო“.
მადუროს ვაჟმა, ნიკოლას მადურო გერამ, კვირას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში ასევე გამოხატა ეჭვი, რომ მამის გარემოცვაში ჯაშუშები იყვნენ.
„ისტორია აჩვენებს, ვინ არიან მოღალატეები“, - განაცხადა გერამ.