რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში განხორციელდა იერიშები ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საწყობებსა და პორტებზე. ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაარტყეს გემებს, რომლებიც უკრაინის არმიის საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის საათებში უკრაინის კიევისა და ოდესის რეგიონებში სხვადასხვა სამიზნეები განადგურდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კიევის რეგიონის დასახლება შჩასტლივოიეში „BDU Logistic“-ის ცენტრი დაირტყა, სადაც, მათი მტკიცებით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ინახებოდა და ნაწილდებოდა.
ასევე, სამიზნე გახდა ბოიარკას დასახლებაში არსებული გაზის გამანაწილებელი სადგური, რომელიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს ამარაგებს.
ოდესის რეგიონში, ოდესის პორტში დაარტყეს მშრალი ტვირთის გადამზიდ გემს, რომელიც უკრაინის არმიისთვის ტვირთს ეზიდებოდა.
იზმაილის პორტში, სამინისტროს ცნობით, სამიზნეში ამოიღეს პორტის ინფრასტრუქტურა, რომელიც სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადმოტვირთვასა და შენახვას ემსახურებოდა. ამავე განცხადების თანახმად, ოდესის პორტის მიმართულებით მავალი კიდევ ერთი მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი მოძრაობისას დააზიანეს.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით გაგზავნილი უკრაინის კუთვნილი 244 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა განადგურებული.



















