რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარ დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრისას "ტყვეთა გაცვლის სასწრაფოდ განახლების საკითხი" განიხილა.
მოსკალკოვამ Telegram-ის პოსტში აღნიშნა, რომ ოთხ თვეზე მეტია ტყვეთა გაცვლა არ მომხდარა.
„უკრაინის უმაღლესი რადას ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრისას დავაყენე საკითხი ტყვეთა გაცვლის დამაბრკოლებელი ბარიერების პრინციპულად და სასწრაფოდ მოხსნის შესახებ, რადგან ოთხი თვეა არანაირი გაცვლა არ განხორციელებულა“, - განაცხადა მოსკალკოვამ.
მოსკალკოვას არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად და როდის შედგა ეს შეხვედრა. თუმცა, პარასკევს როგორც მოსკალკოვამ, ისე ლუბინეცმა საკუთარ Telegram-არხებზე გამოაცხადეს, რომ ჟენევაში იმყოფებოდნენ, სადაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩი მათ სათავო ოფისში ცალ-ცალკე შეხვდა.
მოსკალკოვას მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ შესთავაზა სხვადასხვა ფორმატი გაცვლის პროცესისთვის, თუმცა უკრაინული მხარე აჭიანურებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
„დედები და ცოლები შეშფოთებით ელიან საყვარელ ადამიანებს. მათი რაც შეიძლება მალე სახლში დაბრუნება ჰუმანურობისა და თანაგრძნობის გამოხატულება იქნება“, - განაცხადა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ უკრაინელ კოლეგას გადასცა იმ უკრაინელი სამხედროების სია, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან და შესაძლოა უახლოეს მომავალში გაიცვალონ.
მოსკალკოვამ აღნიშნა: „უკრაინული მხარის წინადადებებს ველოდებით“ და დასძინა, რომ ჟენევის კონვენციის თანახმად, დაჭრილი რუსი ტყვეებიც უნდა დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას.
ტყვეთა ბოლო გაცვლა, რომლის ფარგლებშიც ორივე მხრიდან 185 პირი დაბრუნდა, ოქტომბერში შედგა. ტყვეთა გაცვლის შესახებ პირველი შეთანხმებები სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.
მხარეებს შორის გამართული სამრაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც ითვალისწინებდა „1000-1000-ზე“ გაცვლას, კიდევ ერთ ფართომასშტაბიან გაცვლის გეგმას, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემას და ორივე მხრიდან სულ მცირე 1200 ტყვის დაბრუნებას.













