აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასად ჰასან შეიბანისთან რეგიონული უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის განცხადებით, რუბიომ სირიაში უმცირესობათა ჯგუფების ინტეგრაციის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
რუბიომ ასევე მოიწონა სირიის მიერ მიღწეული პროგრესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან — გაეროს იმ სტრუქტურასთან, რომელიც ბირთვული საქმიანობის მონიტორინგსა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მათი შემდგომი განვითარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების გზები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიბანიმ სირიის სახელით აშშ-ს მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის გამო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და მოვლენების განვითარება, ისევე როგორც ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც სირია რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ასრულებს“.


















