საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი ჩარლზ ქუშნერი, რომელმაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთი არ დგამს საკმარის ნაბიჯებს ანტისემიტური ძალადობის აღსაკვეთად, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ებრაული წარმოშობის ქუშნერმა, რომელიც დაქორწინებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, აღნიშნული ღია წერილი Wall Street Journal-ში საფრანგეთს, აშშ-სა და ისრაელს შორის არსებული ღრმა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე გამოაქვეყნა.
ქუშნერი თავის წერილში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოუწოდებს, უფრო დაჩქარებული წესით აღასრულოს სიძულვილის დანაშაულის შესახებ კანონები და შეამციროს ისრაელის მიმართ კრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მთავრობის განცხადებებმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, საფრანგეთში ანტისემიტურ ინციდენტებს შეუწყო ხელი.
„საფრანგეთისთვის ცნობილია აშშ-ის ელჩის, ბ-ნი ჩარლზ ქუშნერის მიერ პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში გამოთქმული ბრალდებები, სადაც იგი შეშფოთებას გამოხატავს საფრანგეთში ანტისემიტური ქმედებების ზრდასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ამ ვითარების აღსაკვეთად საკმარის ზომებს არ იღებს,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„ელჩის ბრალდებები მიუღებელია,“ – დაამატა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ქუშნერს ორშაბათს ჩვენების მისაცემად დაიბარებენ.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოწოდება
Jerusalem Post-ის თანახმად, ქუშნერის წერილს წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ამ კვირის დასაწყისში მაკრონისთვის გაგზავნილი სხვა წერილი. ნეთანიაჰუმ მაკრონი ანტისემიტიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე აღიარებისკენ მოწოდების გამო.
მაკრონი ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს ნეთანიაჰუს მიერ ღაზაში წარმოებულ ომს, განსაკუთრებით პალესტინელი სამოქალაქო პირების მსხვერპლის გამო, მაშინ როდესაც ტრამპი ისრაელის ლიდერს მტკიცედ უჭერს მხარს.
„ისრაელის წინააღმდეგ მიმართული საჯარო განცხადებები და პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მიმართული ჟესტები ახალისებს ექსტრემისტებს, აღვივებს ძალადობას და საფრთხეს უქმნის ებრაულ ცხოვრებას საფრანგეთში. დღევანდელ მსოფლიოში ანტისიონიზმი ანტისემიტიზმია... ეს ასეთი მარტივია,“ – წერს ქუშნერი.
ქუშნერის ვაჟი, ჯარედ ქუშნერი, დაქორწინებულია დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზე, რომელმაც 2009 წელს ქორწინებამდე იუდაიზმი მიიღო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ებრაული რწმენის შესაბამისად იზრდებიან.
მაკრონმა თავის საჯარო განცხადებებში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმი შეუთავსებელია ფრანგულ ღირებულებებთან და ღაზის ომთან დაკავშირებული ანტისემიტური ინციდენტების შემდეგ სინაგოგებისა და სხვა ებრაული ცენტრების დასაცავად უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.










