ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ისტორიული ტერიტორიის უკანონოდ მითვისების გადაწყვეტილება გამოაცხადა
დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის, სებასტიის დიდი ნაწილის ექსპროპრიაციას გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პალესტინურ მიწებზე მოსახლეთა (ე.წ. სეტლერების) ძალადობის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფება, სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, ის ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
„Associated Press“-ის მიერ ხუთშაბათს მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციამ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დიდი არქეოლოგიური ძეგლის, სებასტიის ფართო ნაწილების ექსპროპრიაციის (სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის) განზრახვა გააჟღერა.
დასახლებების საწინააღმდეგო სადამკვირვებლო ჯგუფმა „Peace Now“ („მშვიდობა ახლა“) განაცხადა, რომ ტერიტორია დაახლოებით 1,800 დუნამს (დაახლოებით 180 ჰექტარი ან 450 აკრი) შეადგენს, რაც არქეოლოგიური მნიშვნელობის მიწაზე ისრაელის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური მითვისებაა.
აღნიშნული ნაბიჯი დაემთხვა პერიოდს, როდესაც ისრაელელი მოსახლეები ბეთლემის მახლობლად ახალი, უნებართვო დასახლების შექმნას ზეიმობდნენ, ხოლო პალესტინელი ადვოკატი დასავლეთ სანაპიროს აქტივისტის დაკავებისა და საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ იუწყებოდა.
მეორე მხრივ, ორგანიზაცია „Human Rights Watch“-მა განაცხადა, რომ ისრაელმა, შესაძლოა, ომის დანაშაული ჩაიდინა, როდესაც წელს დასავლეთ სანაპიროს სამი ლტოლვილთა ბანაკიდან 32,000 პალესტინელის იძულებითი ევაკუაცია მოახდინა.
ისრაელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ხელში ჩაიგდებს
12 ნოემბერს გამოქვეყნებულ ისრაელის ბრძანებაში ჩამოთვლილია ნაკვეთები სებასტიის რეგიონში, რომელთა მითვისებაც იგეგმება. „Peace Now“-მ, რომელმაც დოკუმენტი AP-ს მიაწოდა, განაცხადა, რომ პოპულარული არქეოლოგიური ადგილი, სადაც ათასობით ზეთისხილის ხე ხარობს, პალესტინელებს ეკუთვნით.
ეს არის ადგილი, სადაც ქრისტიანებსა და მუსლიმებს სწამთ, რომ იოანე ნათლისმცემელია დაკრძალული.
ისრაელმა 2023 წელს განაცხადა, რომ გეგმავს ეს ადგილი ტურისტულ ცენტრად აქციოს.
„Peace Now“-სა და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის თანახმად, გათხრები უკვე დაწყებულია, ხოლო მთავრობამ ძეგლის განვითარებისთვის 30 მილიონზე მეტი შეკელი (9.24 მილიონი დოლარი) გამოყო.
აღნიშნული ბრძანების მიხედვით, პალესტინელებს გამოცხადებული გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად 14 დღე აქვთ.
„Peace Now“-ს ცნობით, ისრაელის მიერ აქამდე მითვისებული ყველაზე დიდი ისტორიული მიწის ნაკვეთი იყო ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს სამხრეთით, სოფელ სუსიაში მდებარე 286 დუნამი (დაახლოებით 70 აკრი) მიწა.
მოსახლეებმა ახალი უკანონო ფორპოსტი გახსნეს
ისრაელელმა მოსახლეებმა განაცხადეს, რომ ბეთლემის მახლობლად ახალი უნებართვო ფორპოსტი დააარსეს.
ეციონის დასახლების ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელი იარონ როზენტალი დასახლებას მიესალმა.
ახალი ფორპოსტი ახლოსაა იმ დატვირთულ გზაჯვარედინთან, სადაც სამშაბათს ისრაელის მოქალაქე ცივი იარაღით მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია, გავრცელებულ განცხადებაში მათ ეს ფაქტი „პალესტინის საქმის ლიკვიდაციის მცდელობებზე ნორმალურ პასუხად“ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ისრაელის აგრესია პასუხგაუცემელი არ დარჩება.
„Peace Now“-ს დასახლებების მონიტორინგის პროგრამის დირექტორმა, ჰაგით ოფრანმა განაცხადა, რომ ფორპოსტი იმ ტერიტორიაზე შეიქმნა, სადაც ადრე ისრაელის სამხედრო ბაზა იყო. მოსახლეების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დროებითი საცხოვრებლები და მომუშავე ბულდოზერები.
ისრაელმა 1967 წლის ომის დროს ხელში ჩაიგდო დასავლეთ სანაპირო, აღმოსავლეთ იერუსალიმი და ღაზა - ტერიტორიები, რომლებიც მომავალში პალესტინელების სახელმწიფოსთვის იყო განკუთვნილი. ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ძირითადად უკანონო დასახლებებში, 500,000-ზე მეტი ებრაელი დაასახლა; გარდა ამისა, 200,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სადავო აღმოსავლეთ იერუსალიმში.
ისრაელის მთავრობაში დომინირებენ მოსახლეთა მოძრაობის ისეთი ულტრამემარჯვენე დამცველები, როგორებიც არიან ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი, რომელიც განსაზღვრავს დასახლების პოლიტიკას, და კაბინეტის მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, რომელიც ქვეყნის საპოლიციო ძალებს ზედამხედველობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე უკანონო ისრაელელი მოსახლეების მხრიდან ბოლო დროს გაზრდილი ძალადობის გამო. ჟურნალისტების კითხვაზე, შეუქმნის თუ არა საფრთხეს დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული მოვლენები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, მან უპასუხა: „იმედი მაქვს, არა. ჩვენ ამას არ ველით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს“.