ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად 28-პუნქტიან გეგმას მოაწერა ხელი

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას ისახავს მიზნად. სანამ გეგმის დეტალებზე უკრაინასთან კონსულტაციები ჯერ არ გამართულა, რუსეთი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით არანაი

By
ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად 28-პუნქტიან გეგმას მოაწერა ხელი / AP

აშშ-ის მაღალჩინოსანმა NBC News-თან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირას დაამტკიცა 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

„გეგმა ფოკუსირებულია ორივე მხარისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მყარი მშვიდობა. ის მოიცავს ელემენტებს, რომლებიც უკრაინას სურს და ესაჭიროება ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გეგმის დეტალები არ გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ შესაბამის მხარეებთან განხილვის პროცესშია.

სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა NBC News-ს დაუდასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო კიევისთვის ჯერ არ წარუდგენიათ.

აშშ-ის ორმა, ევროპის ერთმა ოფიციალურმა პირმა და უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადეს, რომ ოთხშაბათს კიევში აშშ-ის არმიის დელეგაცია ჩავიდა, რომელსაც არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის მიზანი ორი იყო: სამხედრო სტრატეგიისა და ტექნოლოგიური საკითხების განხილვა და ადმინისტრაციის იმ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც სამშვიდობო პროცესის განახლებას გულისხმობს.

აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა კიევში განხორციელებული ეს ვიზიტი თეთრი სახლის მხრიდან „სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების“ მცდელობის ნაწილად შეაფასა.

თუმცა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დრისკოლის კიევში ვიზიტის შემდეგ მასთან შეხვედრა „არ იგეგმება“. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ აგვისტოში, ალიასკაზე (ანკორიჯში), აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მაღალჩინოსნების თანხლებით გამართული კრიტიკული სამიტის შემდეგ პროგრესი არ შეინიშნება.

უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ და საქმის კურსში მყოფმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ უკრაინას შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ორივე წყარო აღნიშნავს, რომ უკრაინას გეგმის მხოლოდ ზოგადი მონახაზი გააცნეს, თუმცა დეტალური ინფორმაცია არ მიუწოდებიათ და არც მათი მოსაზრებები მოუსმენიათ.

ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ შეთავაზების დრო პოლიტიკურად არის მოტივირებული. ეს ინიციატივა ემთხვევა კორუფციულ სკანდალს, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას შეეხო. უკრაინასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ქვეყნის ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს კრემლის მცდელობა, ისარგებლოს უკრაინის ხელისუფლების შესუსტებული პოზიციით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ სავარაუდო „შეთანხმებებს“ ეხება, აშშ-ისგან ოფიციალური არხებით არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.

კრემლმა მანამდე განაცხადა, რომ ალიასკაზე პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უცვლელი რჩება.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Axios-ის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი გასული თვის ბოლოს ფლორიდაში ერთმანეთს შეხვდნენ, რათა უკრაინაში ომის დასრულების ჩარჩო გეგმა განეხილათ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის 28-პუნქტიანი გეგმა შთაგონებულია ტრამპის წარმატებული ინიციატივით, რომელმაც ღაზაში შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო.