საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა 17 ოქტომბრის ძალადობისა და ძარცვის თანმხლები „ყვითელი ჟილეტების“ აქციების შემდეგ, თითქმის ყველგან აიკრძალება ყველა ის აქცია, რომელიც პროფკავშირების ინიციატივით არ არის ორგანიზებული.
საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ელისეს სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე მედიის წინაშე განცხადებით გამოვიდა.
მაკრონმა აღნიშნა: „მომდევნო დღეებსა და კვირებში აიკრძალება ის აქციები, რომლებიც პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ არ არის მოთხოვნილი“.
მეორე მხრივ, მაკრონმა დასძინა, რომ პროფკავშირების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები მარშრუტის თვალსაზრისით შემოწმდება: „საერთო განწყობა ისეთია, რომ მომდევნო დღეებში აქციები არ გაიმართოს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქციის გამართვა სურს, თუ ისინი პროფკავშირული ორგანიზაციები არიან, პრეფექტურები ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ“.
მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები ბიზნესობიექტების დასაცავად მიიღეს.
ამავდროულად, მემარცხენე დეპუტატებმა მაკრონი გააკრიტიკეს და განაცხადა, რომ დემონსტრაციების აკრძალვის მსგავსი გადაწყვეტილებები ავტორიტარულ რეჟიმებში მიიღება.
მთავრობის პრესსპიკერმა მოდ ბრეჟონმა კი დაიცვა მაკრონის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ იგი „სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში“ იქნა მიღებული, ხოლო პრეფექტურას აქვს უფლებამოსილება აკრძალოს ის აქციები, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ამასთანავე, ლუარეს პრეფექტურამ ქალაქ ორლეანში, ხოლო რონის პრეფექტურამ ლიონში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა დემონსტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.
დედაქალაქ პარიზში სასამართლომ ერთ-ერთ აქციაზე დაწესებული აკრძალვა შეაჩერა
პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეაჩერა პარიზის პოლიციის პრეფექტურის მიერ დაწესებული აკრძალვა იმ აქციაზე, რომლის გამართვასაც დღეს გეგმავდა ორგანიზაცია „Interfac“-ი, რომელიც ილ-დე-ფრანსის რეგიონში (მათ შორის დედაქალაქ პარიზში) უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სტუდენტებმა შეკრება პიტიე-სალპეტრიერსა და ბასტილიის მოედანს შორის საპროტესტო ტერიტორიაზე დაიწყეს.
მოვლენები საფრანგეთში
„ყვითელმა ჟილეტებმა“, რომელთაც სტუდენტებიც უჭერდნენ მხარს, ცხოვრების სიძვირისა და საწვავის მაღალი ფასების გასაპროტესტებლად 17 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გამართეს.
დემონსტრაციების დროს დაახლოებით 2 500 ადამიანი დააკავეს, ხოლო 1 000-ზე მეტი პოლიციელი, ჟანდარმი და მეხანძრე დაშავდა.
ძალადობრივი მოვლენების თანმხლებ აქციებზე დაახლოებით 3 000 სავაჭრო და ბიზნესობიექტი დაზიანდა ან გაიძარცვა.
აქციების შედეგად დაზარალებულმა მეწარმეებმა მთავრობას კრიზისის არასათანადო მართვის გამო პროტესტი გამოუცხადეს.
მთავრობამ შესაძლო აქციების თავიდან ასაცილებლად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით კი ქალაქებში — პარიზში, ლილში, ლიონში, ნიცასა და მარსელში — ნაწილობრივი კომენდანტის საათი შემოეღო.






















