ნიგერიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ქალები და ბავშვები გაიტაცეს

ხუთშაბათს ღამით დაწყებული და პარასკევს დილამდე გაგრძელებული თავდასხმის შემდეგ, მსხვერპლთა ცხედრები მასობრივი დაკრძალვისთვის მოამზადეს.

By
ნიგერიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ქალები და ბავშვები გაიტაცეს

ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ზამფარას შტატის ერთ-ერთ სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა, მრავალი ქალი და ბავშვი კი გაიტაცეს.

თავდასხმა, რომელიც განახორციელეს ტერორისტებმა, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ბანდიტებს“ უწოდებს, ხუთშაბათს ღამით დაიწყო და პარასკევს დილამდე გაგრძელდა. მოტოციკლეტებით მოსულმა თავდამსხმელებმა სოფელ ტუნგან დუტსეში გაქცევის მცდელობისას მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ზამფარას შტატის საკრებულოს წევრმა, ჰამისუ ფარუმ, მომხდარი შაბათს სააგენტო „ანადოლუსთან“ დაადასტურა.

ფარუმ განაცხადა: „ხუთშაბათი ღამიდან დღევანდელ დილამდე არავის სძინებია. ზოგმა ადამიანმა ოჯახის სამი წევრი დაკარგა“.

დაღუპულთა ცხედრები შაბათს თეთრ სუდარებში გაახვიეს და მასობრივი დაკრძალვისთვის მოამზადეს. გატაცებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება დაკარგულთა იდენტიფიცირებას ცდილობს.

ძალადობამ ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია

ნიგერიაში უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, სადაც ზამფარას შტატი მდებარეობს.

რეგიონი დიდი ხანია შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების, ადამიანთა გატაცებისა და მკვლელობების ეპიცენტრშია; ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, კიდევ უფრო მეტი კი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ნიგერიის მთავრობამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ჯარების განლაგება და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, როგორიცაა აშშ, ტექნიკური მხარდაჭერისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

თუმცა, შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებებისა და ამბოხებულების მხრიდან მომდინარე უსაფრთხოების საფრთხეების გამო, ვითარება კვლავ რთული რჩება.