Bloomberg-ის ინფორმაციით, რომელიც კრემლთან დაახლოებულ სამ წყაროს ეყრდნობა, მოსკოვი უკრაინის თავდასხმებს „ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდასხმებად“ განიხილავს იმის გამო, რომ ნატოს წევრი ქვეყნები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით ამარაგებენ.
სტატიაში აღნიშნულია: „კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, თავდასხმების მზარდი სპირალი სულ უფრო მეტ რუს მაღალჩინოსანს მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში უკიდურეს ზომად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება არჩიოს“.
წყაროებმა, რომელთა განცხადებითაც კონფლიქტის მიმდინარე ეტაპი სამხედრო ესკალაციის პიკი არ არის, აღნიშნეს, რომ რუსეთი, მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ესკალაციისთვის ემზადება.
აღნიშნული წყაროების ინფორმაციით, მოსკოვი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ძლიერი კონვენციური ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების გაძლიერებას განიხილავს.
სტატიაში ასევე მოცემულია შეფასება, რომ „აშშ-ის მცდელობებს ომის დასასრულებლად შედეგი არ მოჰყოლია და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ირანთან კონფლიქტზე ფოკუსირების გამო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა“.
ბოლო თვეებში რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმები გაახშირეს.
უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და მსხვილი ელექტრონული ვაჭრობის კომპანიების საწყობების მიზანში ამოღებით, რამაც რუსეთში საწვავის ფართო დეფიციტი გამოიწვია, ლოჯისტიკურ ქსელებს მილიარდობით დოლარის ზიანი მიაყენა.





















