ისრაელში 27 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების წინ, სოციალური მედიის გარკვეული ანგარიშები იმ მოტივით გაუქმდა, რომ ისინი, სავარაუდოდ, „უცხოური გავლენის ოპერაციებში გამოიყენებოდა“.
ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის („შინ-ბეთი“ / „შაბაქი“) წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მოახლოებული საყოველთაო არჩევნების წინ, „უცხოური გავლენის საქმიანობაში გამოყენების“ ბრალდებით, სოციალური ქსელის არაერთი ანგარიში დაიბლოკა/გაუქმდა.
განცხადების თანახმად, ანგარიშების გაუქმების პროცესი გენერალური პროკურატურის ინტერნეტ-განყოფილებასთან და ისრაელის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით წარიმართა. აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს „არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის დაცვისა და უკანონო უცხოური ჩარევის მცდელობების აღკვეთისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევის“ ნაწილს.
თუმცა, განცხადებაში არ გავრცელებულა დამატებითი დეტალები ამ ანგარიშების მფლობელების ვინაობის, მათი წყაროებისა თუ „უცხოური გავლენის“ საქმიანობასთან კავშირის ზუსტი ხასიათის შესახებ.



























