2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 12 500-ზე მეტი ქალი დაიღუპა, მათ შორის 9 000-ზე მეტი დედა.
პალესტინის ქალთა საქმეების სამინისტრომ და პალესტინის სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ ერთობლივი წერილობითი განცხადება გაავრცელეს პალესტინელი ქალების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში ყოველწლიურად 26 ოქტომბერს აღინიშნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშებს 12 500-ზე მეტი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოკლულ ქალთაგან 9 000-ზე მეტი დედა იყო, ხოლო 42 - ჟურნალისტი.
დაჭრილთა 14% ქალია
განცხადებაში მითითებულია, რომ იმავე პერიოდში ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაშავებული 175 ათასი ადამიანიდან 14%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო 28 560-მა ქალმა ამ თავდასხმების დროს მეუღლე დაკარგა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამჟამად ღაზაში 50 ათასი ორსული ქალი იმყოფება, რომლებიც უმძიმეს პირობებში ცდილობენ ორსულობის შენარჩუნებას. ასევე, 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ ქალებში მუცლის მოშლის 12 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე 28 ქალი მოკლეს
ღაზაზე თავდასხმების პარალელურად, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის არმიის გაძლიერებული ზეწოლისა და პალესტინური მიწების მიმთვისებელი ისრაელელი მოსახლეების თავდასხმების შედეგად, 2023 წლის ოქტომბრიდან მოკლული 1 216 ადამიანიდან 28 ქალი იყო.
საერთო ჯამში, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორზე ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 74 ათასს გადააჭარბა, 175 ათასზე მეტი ადამიანი დაიჭრა, ხოლო რეგიონის ინფრასტრუქტურის თითქმის 90% განადგურდა.




















