ევროპა მხარს უჭერს დანიას და უარყოფს ტრამპის მცდელობას გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ

მაშინ როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მაღალჩინოსანი მრჩეველი ამტკიცებს, რომ არცერთი ქვეყანა არ დაუპირისპირდება ვაშინგტონს გრენლანდიის გამო, ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ გრენლანდიის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და უფლებას - თავად განსაზღვროს საკუთ

By
ევროპა მხარს უჭერს დანიას და უარყოფს ტრამპის მცდელობას გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების შესახებ / Reuters

ორშაბათს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა დანიასა და გრენლანდიას. მათ უარყვეს ყოველგვარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კუნძული-ქვეყნის მომავალი შეიძლება გარე ძალებმა გადაწყვიტონ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებების საპასუხოდ ხაზი გაუსვეს სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას.

ტრამპმა არაერთხელ გამოხატა სურვილი გრენლანდიის ხელში ჩაგდების შესახებ, რომელიც დანიის სამეფოს ავტონომიური ნაწილია. ამასთან, იგი არ გამორიცხავს ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებასაც.

ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დასაკავებლად განხორციელებული ამერიკული სამხედრო რეიდიდან ერთი დღის შემდეგ, კვირას ტრამპმა კვლავ გააჟღერა მოწოდება გრენლანდიის ამერიკული კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ, რასაც აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებით ამართლებს. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა კი ტრამპს მოუწოდა, „შეწყვიტოს მუქარები“.

სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები პირველებს შორის იყვნენ, ვინც სიტუაციაზე რეაგირება მოახდინა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლება მხოლოდ დანიასა და გრენლანდიას ეკუთვნით“. მან ასევე დასძინა, რომ შვედეთი „სრულად უდგას მხარში“ დანიას.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ განაცხადა, რომ ნორვეგია დანიის გვერდით დგას „სრულად და უპირობოდ“, ხოლო ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა აღნიშნა: „გრენლანდიისა და დანიის ბედს მათ გარდა ვერავინ განსაზღვრავს“.

ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კრისტუნ ფროსტადოტირმა მსგავსი გზავნილი გააჟღერა: „გრენლანდიის შესახებ გრენლანდიის გარეშე ვერაფერი გაკეთდება“.

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა X-ზე დანია „ძლიერ დემოკრატიად“ და ნატოს „საიმედო“ მოკავშირედ დაახასიათა. მან აღნიშნა, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილია და აშშ-ის ლეგიტიმური უსაფრთხოების საჭიროებები შეიძლება განიხილებოდეს დანიასთან პირდაპირი დიალოგისა და კოლექტიური თავდაცვის ჩარჩოებში.

თავის მხრივ, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა განაცხადა, რომ მხოლოდ გრენლანდიასა და დანიას შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ მომავალსა და უსაფრთხოებაზე.

გერმანიამაც გაავრცელა გაფრთხილება. მთავრობის სპიკერის მოადგილემ, სებასტიან ჰილემ აღნიშნა, რომ გრენლანდია დანიას ეკუთვნის და საზღვრების „ძალით შეცვლა დაუშვებელია“.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოლიდარობა გამოუცხადა დანიასა და გრენლანდიას და განაცხადა, რომ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა „მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ გრენლანდიის მომავალი მხოლოდ გრენლანდიამ და დანიის სამეფომ უნდა განსაზღვრონ, და აღნიშნა დანიის, როგორც ევროპისა და ნატოს ახლო მოკავშირის როლი.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა. ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლოკი გააგრძელებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. სხვა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრენლანდია ნატოს მოკავშირეა და მისი მდგომარეობა არ შეიძლება შედარდეს აშშ-ის ბოლოდროინდელ სხვა ქმედებებთან.

პინიომ ვენესუელაში აშშ-ის ბოლო სამხედრო ოპერაციაზე მიანიშნა და თქვა: „ეს დიდი, ძალიან დიდი განსხვავებაა. ამიტომ ჩვენ სრულად გრენლანდიის მხარეს ვართ და ამ ორ მოვლენას შორის პარალელს ვერ ვხედავთ“.

სოლიდარობა გამოხატა საფრანგეთმაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პასკალ კონფავრომ განაცხადა, რომ „საზღვრები ძალით ვერ შეიცვლება“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა X-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის მიმართ „მუქარები და ანექსიური ოცნებები“ მიუღებელია და ხაზი გაუსვა გრენლანდიელ ხალხთან „სრულ სოლიდარობას“.

ტრამპის მრჩეველი: არცერთი ქვეყანა არ დაიწყებს სამხედრო დაპირისპირებას აშშ-სთან გრენლანდიის გამო

მეორე მხრივ, ტრამპის უფროსმა მრჩეველმა ორშაბათს განაცხადა, რომ არცერთი ქვეყანა არ შევა სამხედრო კონფლიქტში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გრენლანდიის მომავლის გამო.

თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა CNN-თან ინტერვიუში უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის ინტერესი გრენლანდიის მიმართ შეიარაღებულ კონფლიქტს გამოიწვევს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა სამხედრო მოქმედება გრენლანდიის წინააღმდეგ, მილერმა საკითხი სხვაგვარად წარმოაჩინა. მან თქვა, რომ საქმე გრენლანდიასთან დაპირისპირებას არ ეხება: „ეს არ იქნება სამხედრო ოპერაცია გრენლანდიის წინააღმდეგ. გრენლანდიის მოსახლეობა 30 000 ადამიანია. მთავარი კითხვა ისაა, რა უფლებით აცხადებს დანია პრეტენზიას გრენლანდიაზე კონტროლზე? რა არის მათი ტერიტორიული პრეტენზიების საფუძველი? რა საფუძვლით ამბობენ, რომ გრენლანდია მათი კოლონიაა?“

გრენლანდია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რეგიონია და აშშ-სთვის ნატოს მოკავშირეა. მილერმა ეჭვქვეშ დააყენა ეს მოწყობა და ყურადღება გაამახვილა გრენლანდიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე არქტიკაში. მან აღნიშნა, რომ ეს გადამწყვეტია აშშ-ისა და ნატოს უსაფრთხოების ინტერესებისთვის.

„შეერთებული შტატები არის ნატოს ძალა. იმისათვის, რომ აშშ-მა უზრუნველყოს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება და დაიცვას ნატოს ინტერესები, აშკარაა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა იყოს. შესაბამისად, ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, განვიხილავთ“, -განაცხადა მილერმა.

დაჟინებულ კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად აშშ-ის სამხედრო ძალის გამოყენებას, მილერმა უპასუხა, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არარეალისტურია და საკითხის სამხედრო ტერმინებით განხილვაზე უარი თქვა: „გრენლანდია აშშ-ის ნაწილი უნდა გახდეს. იმ კონტექსტში, რასაც თქვენ კითხულობთ - სამხედრო ოპერაციის კუთხით - ამაზე ფიქრი ან საუბარიც კი არ ღირს. არავინ აპირებს აშშ-სთან სამხედრო ომს გრენლანდიის მომავლის გამო“.