კარდინალი პაროლინი: „ვატიკანი ტრამპის ‘მშვიდობის საბჭოში’ მონაწილეობას არ მიიღებს“
ვატიკანის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენელი აცხადებს: „საერთაშორისო დონეზე კრიზისული სიტუაციების მართვა, უპირველეს ყოვლისა, გაერომ უნდა განახორციელოს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დაჟინებით ვამახვილებთ ყურადღებას“.
ვატიკანის ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ ისინი არ შეუერთდებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ (Peace Board) ინიციატივას. პაროლინმა ასევე დასძინა, რომ კრიზისული სიტუაციების მართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უნდა მიენდოს.
სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში პაროლინმა აღნიშნა: „წმინდა საყდარი არ მიიღებს მონაწილეობას მშვიდობის საბჭოში მისი განსაკუთრებული ბუნების გამო, რომელიც აშკარად არ შეესაბამება სხვა სახელმწიფოების სტატუსს“.
„ჩვენი ერთ-ერთი საწუხარი ისაა, რომ საერთაშორისო დონეზე მსგავსი კრიზისული სიტუაციები, უპირველეს ყოვლისა, გაერომ უნდა მართოს. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელსაც ხაზგასმით აღვნიშნავთ“, - განაცხადა პაროლინმა.
იანვარში, პაპ ლეოს - პირველ ამერიკელ პაპს და ტრამპის ზოგიერთი პოლიტიკის კრიტიკოსს - საბჭოში გაწევრიანების შესახებ მიწვევა გაეგზავნა.
ტრამპის ღაზის გეგმის ფარგლებში, რომელმაც ოქტომბერში მყიფე ზავი განაპირობა, საბჭო შეიქმნა ღაზის დროებითი ადმინისტრაციის ზედამხედველობისთვის. მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ გააფართოებდა საბჭოს გლობალურ კონფლიქტებთან გასამკლავებლად და მას თავად უხელმძღვანელებდა. საბჭო პირველ შეხვედრას ხუთშაბათს, ვაშინგტონში გამართავს, რათა ღაზის აღდგენის საკითხი განიხილოს.
მშვიდობის საბჭო აშშ-ის მჭიდრო მოკავშირეებისგან შედგება ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აღმოსავლეთ აზიიდან და ლათინური ამერიკიდან. იტალიამ და ევროკავშირმა განაცხადეს, რომ რადგან ისინი საბჭოს წევრები არ არიან, მათი წარმომადგენლები შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან.
მექსიკა სრულუფლებიან წევრობაზე უარს ამბობს
ამავდროულად, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულუფლებიანი წევრის სტატუსით არ შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ ჯგუფს, რომელიც ღაზის ზავის გეგმას ზედამხედველობს, რადგან მშვიდობის საბჭოში პალესტინელი წარმომადგენელი არ იმყოფება.
პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა: „რადგან ჩვენ პალესტინას სახელმწიფოდ ვაღიარებთ, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში როგორც ისრაელმა, ისე პალესტინამ მიიღონ მონაწილეობა. საბჭო ასე არ არის მოწყობილი“.
შეინბაუმმა დასძინა, რომ ქვეყანა გაეროში თავის ელჩს დამკვირვებლად გაგზავნის: „დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა შემოგვთავაზეს. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ გაეროში ჩვენი ელჩი დამკვირვებლის სახით დაესწრება“.