ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ
კითხვის დრო 3 წუთი
ირანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატიდან შესაძლო გამოსვლის გამო, ფიფა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ფიფას (FIFA), შესაძლოა ალტერნატიული გუნდების განხილვა მოუწიოს მას შემდეგ, თუ ირანმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომლის ერთ-ერთი მასპინძელიც აშშ-ია.
ირანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატიდან შესაძლო გამოსვლის გამო, ფიფა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს
ირანის მიერ მსოფლიო ჩემპიონატიდან შესაძლო გამოსვლის გამო, ფიფა ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს / Reuters
2 საათის წინ

ირანის სპორტის მინისტრის, აჰმედ დონიამალის მიერ ოთხშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა ვერ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ისთან პარტნიორობით ორგანიზებულ მსოფლიო თასზე, თანამედროვე ეპოქაში პირველად წარმოშვა იმის ალბათობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა, ფიფას მოუწევს სასწრაფოდ განიხილოს ირანის შემცვლელი გუნდის მოძიების საკითხი ტურნირისთვის, რომელიც ივნისის დასაწყისში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში უნდა დაიწყოს.

დონიამალიმ განაცხადა, რომ ირანის მონაწილეობა ტურნირში შეუძლებელია მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპა. ამ თავდასხმებმა რეგიონული მასშტაბის კონფლიქტი გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატში ირანის მონაწილეობა ალოგიკურად ჩანდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ომის მდგომარეობაშია ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელთან, ფიფა მაინც ვარაუდობდა, რომ ირანის ეროვნული ნაკრები 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ პირველ ჯგუფურ მატჩს გამართავდა.

დონიამალის განცხადებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მიიღო გარანტია, რომ ირანი „მიწვეულია ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ტურნირზე ასასპარეზოდ“.

ჩემპიონატიდან მსგავსი ფორმით გამოსვლა რეგულირდება მსოფლიო ჩემპიონატის დებულების მე-6 მუხლით. ეს მუხლი მსგავსი ქმედებისთვის ითვალისწინებს სხვადასხვა ფინანსურ სანქციებს და ამავდროულად, ფიფას აძლევს სრულ თავისუფლებას, ვაკანტური ადგილის შესავსებად ნებისმიერ ქვეყანას მოუხმოს.

ფიფას ფეხბურთის რეგულირების ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კიტჩინგმა როიტერს-თან საუბრისას აღნიშნა: „თანამედროვე ეპოქაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ტურნირის რეგულაციების თანახმად, ფიფას აქვს სრული უფლებამოსილება, გუნდის გამოსვლის შემთხვევაში მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება“.

კიტჩინგმა ასევე დაამატა: „ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, აუცილებელი არ არის ჩემპიონატიდან გასული გუნდი იმავე კონფედერაციის წარმომადგენლით ჩანაცვლდეს, ან საერთოდ მოხდეს მისი ჩანაცვლება. რამდენად მისაღები იქნება ნებისმიერი ეს სცენარი პოლიტიკურად, ეს ცალკე საკითხია. ტურნირის წესები ასევე ითვალისწინებს დისციპლინურ სასჯელს იმ ფედერაციისთვის, რომლის გუნდიც უარს იტყვის მონაწილეობაზე. თუმცა, თუ ირანი ტურნირიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო გამოვა, ეჭვი მეპარება, რომ ფიფამ მსგავს პირობებში რაიმე სანქცია გამოიყენოს“.

ირანმა გასულ წელს აზიის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი კონტინენტიდან ირანის შემცვლელის მოძებნა ყველაზე ლოგიკურ ვარიანტად ჩანს, თუმცა ეს არც ისე მარტივია.

მოგზაურობის აკრძალვა

ერაყი შეეცდება ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უფლება მოიპოვოს კონტინენტთაშორისო პლეი-ოფში, რომელიც ამ თვეში მექსიკაში გაიმართება. პოტენციურ კანდიდატად განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროებიც, რომელიც ნოემბერში ერაყთან შესარჩევ მატჩში დამარცხდა.

ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტით გამოწვეული მოგზაურობის აკრძალვა გავლენას ახდენს ერაყის ნაკრების მექსიკაში ჩასვლასა და 31 მარტს ბოლივიის ან სურინამის წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მომზადებაზე.

ერაყის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრემ არნოლდმა, ფიფას შესთავაზა ამ მატჩის ფინალურ ეტაპთან უფრო ახლო თარიღისთვის გადადება. მისი თქმით, ეს სამართლიანი იქნება ერაყელებისთვის და საშუალებას მისცემს ფიფას, საბოლოოდ გაარკვიოს ვითარება ირანთან დაკავშირებით.

„დაე, ბოლივიამ ამ თვეში სურინამთან ითამაშოს. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე კი ჩვენ შევხვდებით აშშ-ში გამართული მატჩის გამარჯვებულს; ვინც მოიგებს - დარჩება, წაგებული კი სახლში დაბრუნდება“, - განაცხადა არნოლდმა ორშაბათს Australia Associated Press-თან საუბრისას.

მან ასევე დასძინა: „ვფიქრობ, ეს ფიფას მეტ დროს მისცემს ირანის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ირანი გამოვა, ჩვენ წავალთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც მისცემს შანსს, მოემზადონ ბოლივიის ან სურინამის წინააღმდეგ მატჩისთვის“.

ფიფას დონიამალის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) წყარომ კი აღნიშნა, რომ ისინი „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას და კონტაქტზე არიან ფიფასთან“.

ამავე წყაროს თქმით: „მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხები ფიფას კომპეტენციაა. ამ ეტაპზე დამატებითი სპეკულაციებისგან თავი უნდა შევიკავოთ“.

თუმცა, კონფედერაციებს სურთ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შანსის გამოყენება და AFC, სავარაუდოდ, აქტიურ ლობირებას გაუწევს იმას, რომ ირანის შემცვლელი გუნდი სწორედ აზიიდან იყოს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ბოლო მონაწილეების ვინაობაც მარტის ბოლოს გაირკვევა, კიტჩინგს მიაჩნია, რომ ფიფა საბოლოო გადაწყვეტილებას აპრილის დასაწყისამდე არ მიიღებს.

„ვფიქრობ, გადაწყვეტილება ბოლო პლეი-ოფების დასრულებამდე არ იქნება მიღებული და ფიფა სიტუაციას პრაგმატული და კონსულტაციებზე დაფუძნებული მიდგომით შეხედავს“, - აღნიშნა კიტჩინგმა.

აღმოაჩინეთ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-თან მოლაპარაკებები "ძალიან მწარე გამოცდილების" შემდეგ უარყო
ერდოღანი პეზეშკიანს: „რა მიზეზითაც არ უნდა იყოს, ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა გაუმართლებელია“
ირანიდან თურქეთისკენ მომავალი ბალისტიკური რაკეტა განადგურებულია
ბელგიაში აფეთქების შედეგად სინაგოგა დაზიანდა, არავინ დაშავებულა
თურქეთმა კვიპროსში 6 ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი და თავდაცვის სისტემები განათავსა
ისრაელი ირანთან მინიმუმ ერთთვიანი ომისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ-მა ირანის ფლოტი ჩაძირა; სარაკეტო გამშვები დანადგარების უმეტესობა გაანადგურა
აფეთქება ოსლოში აშშ-ის საელჩოში
ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვედ აიყვანეს, აშშ კი ამ ბრალდებებს უარყოფს
ფიდანი: თურქეთმა ირანის ომის დასასრულებლად დიპლომატია გააძლიერა
ერდოღანმა ექრმ-ს ხელმძღვანელ ბარზანისთან რეგიონული დაძაბულობა და ტერორისტული საფრთხე განიხილა
სამინისტრო: თურქეთი ახლო აღმოსავლეთში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაბიჯებს დგამს
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ნავთობის ფასები გაიზარდა
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული თავდასხმის შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა
ტრამპმა ირანისგან „უპირობო კაპიტულაცია“ მოითხოვა