თურქეთის ჰიმნი - „დამოუკიდებლობის მარში“ 105 წლისაა
მეჰმეთ აქიფ ერსოის მიერ გმირი არმიისადმი მიძღვნილი „დამოუკიდებლობის მარში“ (İstiklal Marşı), რომელიც თურქი ერის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, 105 წლის წინ იქნა მიღებული.
თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა, დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, „ეროვნული ჰიმნის“ დასაწერად კონკურსი გამოაცხადა, რომლის ჯილდოც 500 ლირას შეადგენდა.
იმ პერიოდის განათლების მინისტრმა, რიზა ნურმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჯილდოს ოდენობასა და კონკურსის ორგანიზებაზე, ტექსტის გარდა, 500 ლირა მუსიკის (კომპოზიციის) ჯილდოდაც დააწესა.
კონკურსში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩასართავად, მეჯლისმა ინფორმაცია გაზეთებსა და ქვეყნის ყველა კუთხეში გაგზავნა; შედეგად, 6 თვეში 724 ლექსი იქნა წარდგენილი.
ამ 724 ლექსის შესაფასებლად, განათლების სამინისტრომ სპეციალური კომისია შექმნა. კომისიაში მომუშავე ექსპერტებმა თითოეული ლექსი სათითაოდ წაიკითხეს და მათგან 6 საუკეთესო შეარჩიეს.
ბურდურის დეპუტატს, მეჰმეთ აქიფ ერსოის, ფულადი ჯილდოს არსებობის გამო კონკურსში მონაწილეობა არ სურდა, თუმცა მოგვიანებით, ჰამდულა სუფჰის დაჟინებული თხოვნით, მან წარადგინა ლექსი, რომელიც „თაჯედინ დერგაჰში“ (Taceddin Dergahı) დაწერა და თურქულ არმიას მიუძღვნა.
შერჩევის შედეგად, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის 1921 წლის 12 მარტის სხდომაზე, მეჰმეთ აქიფის მიერ დაწერილი ლექსი მქუხარე ტაშით იქნა მიღებული. მეჯლისში „დამოუკიდებლობის მარში“ პირველად ჰამდულა სუფჰი თანრიოვერმა წაიკითხა.
ჰიმნის მიღების შემდეგ, მეჰმეთ აქიფ ერსოიმ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 ლირა ფონდ „დარულ მისაის“ (Darül Mesai) გადასცა, რომელიც ქალებისა და ბავშვებისთვის პროფესიულ განათლებას უზრუნველყოფდა.