ისრაელის ძალებმა სირიის სამხრეთში, ელ-კუნეიტრას რაიონში მრავალი რეიდი განახორციელეს

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელის ძალები თითქმის ყოველდღიურად ახორციელებენ რეიდებს სირიის ტერიტორიაზე და ამით არღვევენ დამასკოს სუვერენიტეტს.

By
ისრაელის ძალებმა სირიის სამხრეთში, ელ-კუნეიტრას რაიონში მრავალი რეიდი განახორციელეს / Reuters

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს ისრაელის არმიის ქვედანაყოფებმა კვლავ დაარღვიეს სირიის სუვერენიტეტი და ქვეყნის სამხრეთით, ელ-კუნეიტრას რაიონში სამი რეიდი განახორციელეს.

სირიის არაბულმა საინფორმაციო სააგენტომ (SANA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი მანქანისგან შემდგარი პატრული დაბა ბირ აჯამის შესასვლელიდან ელ-კუნეიტრას სამხრეთით მდებარე სოფლების - ბარიკასა და კუდნას მიმართულებით დაიძრა.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის კიდევ ერთი ქვედანაყოფი, რომელიც 12 სამხედრო მანქანისგან შედგებოდა, სოფელ საიდა ალ-ჰანუთში თალ აბუ ღაითარის გადასასვლელიდან შევიდა, შემდეგ კი რუზანიასა და საიდა ალ-გოლანისკენ გადაინაცვლა.

SANA ასევე იტყობინება, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა საიდა ალ-გოლანის დასავლეთ გზაჯვარედინზე ბლოკპოსტი მოაწყვეს. სხვა ქვედანაყოფი კი მცირე ხნით შევიდა სოფელში, ერთ-ერთი სახლი გაჩხრიკა და შემდეგ უკან დაიხია.

ეს რეიდები ხორციელდება მიუხედავად იმ ოფიციალური განცხადებისა, რომლის თანახმადაც დაიწყო მოლაპარაკებების რაუნდი აშშ-ის შუამავლობით 1974 წელს ხელმოწერილი „ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმების“ აღდგენის მიზნით.

ისრაელის არმიას ან სირიის ოფიციალურ პირებს ახალ რეიდებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ.

ისრაელის ძალები თითქმის ყოველდღიურად აწყობენ რეიდებს სირიის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ელ-კუნეიტრას რაიონში, რა დროსაც აკავებენ მშვიდობიან მოსახლეობას, აწყობენ საკონტროლო პუნქტებს, დაკითხვას უწყობენ გამვლელებს და ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.

2024 წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ისრაელმა დაარღვია 1974 წლის შეთანხმება, დაიკავა დემილიტარიზებული ბუფერული ზონა და გააფართოვა თავისი ოკუპაცია სირიის კუთვნილ გოლანის მაღლობებზე.