თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ თურქეთს ოფიციალური დახმარების თხოვნით მიმართა. მოთხოვნა მიზნად ისახავს სირიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ტერორიზმთან, კერძოდ, დაეშ-თან ბრძოლას.
„ამ მოთხოვნის შესაბამისად, გრძელდება ჩვენი მუშაობა სირიის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად სწავლების, კონსულტაციისა და ტექნიკური დახმარების გზით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი პრიორიტეტია სირიის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რეგიონში მუდმივი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა.
ეს განცხადება მოჰყვა რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ისრაელის საჰაერო თავდასხმებს სირიის ტერიტორიაზე. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან სირიის ახალ მთავრობასა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ (SDF) შორის ინტეგრაციის პროცესს და ბოლო პერიოდში მომხდარ შეტაკებებს.
თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 2022 წლის დეკემბერში მოსკოვში გაიმართა რუსეთის, თურქეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა სირიის კრიზისი, ლტოლვილთა საკითხი და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის პერსპექტივები განიხილეს.

















