ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘ
კითხვის დრო 4 წუთი
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა მიუთითა, რომ დაკავშირებადობის საკითხში თურქეთი ევროპისთვის, შავი ზღვისთვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის საერთო ადგილმდებარეობად იკვეთება.
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს
მინისტრი ფიდანი: თურქეთის ცენტრალურ როლს ყველა აფასებს

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ფარგლებში გამართული რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტრთა მეორე შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა თავისი თემატიკითა და შედეგებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დაკავშირებადობის საკითხებში მხოლოდ სტრატეგიის შემუშავება საკმარისი არ არის და მის განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა მნიშვნელოვანი.

ფიდანმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრებთან ერთად კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეხვდნენ და იმსჯელეს, როგორ შეიძლება დაკავშირებადობის განხორციელება ამ რეგიონებსა და მათ ფარგლებს გარეთ, ასევე როგორ გახდეს ვაჭრობა, ენერგიისა და მონაცემთა გადაცემა უფრო ეფექტიანი და უწყვეტი.

ფიდანის თქმით, განიხილეს, თუ როგორ შეიძლება დაკავშირებადობის განვითარება ჰორმუზის სრუტეში, ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და შავ ზღვაში ომებისა და კრიზისების გამო წარმოქმნილი შეფერხებებიდან გაკვეთილების გამოტანით, და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ევროპისთვის, შავი ზღვისთვის, კავკასიისა და შუა დერეფნის მარშრუტზე მდებარე ცენტრალური აზიისთვის საერთო ადგილმდებარეობად იკვეთება.

„თურქეთის ცენტრალურ როლს აქ, რა თქმა უნდა, ყველა აფასებს. ჩვენ ამ როლის შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და როგორც გადაჭრის გზები შევთავაზოთ, ისე წინამძღოლობაც გავუწიოთ მას. დღესაც სწორედ ეს გავაკეთეთ და ეს შეხვედრა ამ თვალსაზრისით ძალიან მართებული იყო“, — განაცხადა ფიდანმა.

ფიდანმა გააზიარა ინფორმაცია, რომ შეხვედრის პარალელურად უკრაინის, გერმანიის, ლიეტუვის, დანიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და მოლდოვის ოფიციალურ პირებს შეხვდა და აღნიშნა: „ამჟამად შავ ზღვაში მოლაპარაკებების ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება მარცვლეულის კვლავ მსოფლიო ბაზრებზე გატანა. ვესაუბრებით როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მხარეს. ეს საკითხი გარკვეულწილად ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და უკრაინელ მეგობრებთანაც განვიხილეთ“.

მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის

ფიდანმა ასევე უპასუხა კითხვას იმ ვითარების შესახებ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეიქმნა.

მან განაცხადა, რომ თურქეთმაც არაერთხელ უმასპინძლა იმავე ფორმატს და მხარეებთან მოლაპარაკებები გამართა: „ვხედავთ, რომ საკითხის არსი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. უპირველეს ყოვლისა, მოვალედ ვთვლი თავს, ეს დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობო“, — თქვა მან.

ფიდანმა აღნიშნა, რომ რუსეთს დონბასის რეგიონის დარჩენილი ნაწილი სურს და მას საკუთარი საზღვრების განსაზღვრებაში მოიაზრებს, ხოლო უკრაინას არ სურს ამ რეგიონის დათმობა, რომელსაც სამშობლოს მიწად მიიჩნევს, და განმარტა, რომ სწორედ ეს საკითხი იწვევს ომის გაგრძელებას.

„რუსების განსაზღვრებით ეს 11-12-პროცენტიანი, უკრაინელების მიხედვით კი 18-პროცენტიანი ტერიტორიაა, რაც ამჟამად დარჩენილი ნაწილია. ახლა ამის გარდა სხვა საკითხებიც გარკვეულწილად განიხილება“, — განაცხადა ფიდანმა და ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ სად გაივლის შეხების ხაზი რუსეთსა და უკრაინას შორის, და ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დონბასის საკითხია.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეების მოლოდინები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანი საკითხია.

მისივე თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული ზავი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის კი არა, ევროპასა და რუსეთს შორის მშვიდობა იქნება, და ხაზი გაუსვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და მშვიდობის ეს ახალი არქიტექტურა ღიად უნდა განიხილონ.

ფიდანმა სიტყვა ასე განაგრძო: „მხარეები ბოლო დრომდე ამ საკითხში თავიანთ კარტებს ბოლომდე არ ხსნიდნენ. გამოხატავდნენ გარკვეულ განზრახვებს — „ასე იყოს, ისე იყოს“, მაგრამ ახლა უკვე ნელ-ნელა დადგა დრო, ეს საკითხები კონკრეტულად განვიხილოთ. როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა — ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც რუსეთისა და ევროპის დაპირისპირებას ცენტრში აყენებს და ამ კონფლიქტის შეჩერებას ისახავს მიზნად?“

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვინაიდან წლებია ამ საკითხებით უშუალოდ არის დაკავებული, უზარმაზარი გამოცდილება აქვს და თურქეთი მხარეებს წინადადებებს სთავაზობს: „არსებითად, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, როგორიცაა შეხების ხაზის განსაზღვრა, დონბასის საკითხის მოგვარება, შემდეგ უსაფრთხოების გარანტიები და ევროპა-რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, და, რა თქმა უნდა, რა ბედი ეწევა სანქციებს უკრაინის აღდგენის პროცესში, რა მოუვა რუსების გაყინულ სახსრებს“.

ფიდანმა აღნიშნა, რომ მის მიერ ნახსენები საკითხები ამჟამად განსახილველი შეთანხმების შინაარსსა და პუნქტებს შეადგენს: „დამეთანხმებით, რომ ყველა ამ საკითხში ისეთ შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს, საკმაოდ რთული საქმეა“, — განაცხადა მან.

ნაოსნობის უსაფრთხოება შავ ზღვაში

ფიდანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ პროცესების პარალელურად მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ნაოსნობის უსაფრთხოება შავ ზღვაში; მისი თქმით, ისინი მუშაობენ იმაზე, თუ როგორ მიაწოდონ ბაზრებს ღარიბი ქვეყნებისთვის საჭირო ხორბალი და ამასთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებებიც წარადგინეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა განაცხადა:

„დღეს ფაქტობრივად ამ წინადადებების გარკვეული ნაწილიც დავასრულეთ. რადგან ეს გარკვეულწილად შავ ზღვაზე მდებარე ბულგარეთსა და რუმინეთსაც ეხება. დღეს შევხვდით როგორც ბულგარეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებს, ისე ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. გასულ დღეებში რუსებსაც შევხვდით. იმედია, ჩვენ მიერ ჩაფიქრებული ფორმულა შედეგს გამოიღებს და ამ საკითხს მოვაგვარებთ. რთული განტოლებაა, რადგან რუსებს არ სურთ უკრაინელებთან შავ ზღვაში დროებითი შეთანხმების დადება მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, იქ, სადაც ასეთი სურვილის ნაკლებობაა, როგორ უნდა შექმნა ისეთი საფუძველი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან? ამასთან დაკავშირებით იდეები გვაქვს, თუმცა ახლა საზოგადოებისთვის გაზიარება ნაადრევია — დაინტერესებულ მხარეებს ვუზიარებთ. თუ ხვალ ან ზეგ, იმედია, განხორციელდება, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“.

აღმოაჩინეთ
ერდოღანი: COP31-ზე ლიდერთა სიმტკიცე პარიზის შეთანხმებისთვის გამამხნევებელია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ტყვეების დღემდე ყველაზე დიდ გაცვლას დათანხმდა
აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
მალათიაში ჩამოვარდნილ S-70 ტიპის ვერტმფრენში მყოფი 4 სამხედრო დაიღუპა
თურქეთსა და ჩინეთს შორის15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა
პრეზიდენტი ერდოღანი ირანის პრეზიდენტ ფეზეშქიანს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დუბლინში შეხვდნენ
ბარსელონაში საპროტესტო აქციები შეტაკებებში გადაიზარდა
ირანი: „ჰორმუზის სრუტეში 2 სუპერტანკერზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა“
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო: „ნასერის საავადმყოფოს მიზანში ამოღება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაავადებულთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა
ზელენსკი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი დამოკიდებულია აშშ-ის მიდგომაზე რუსეთის მიმართ
ირანმა შესაძლოა ევროპაში მდებარე აშშ-ის ბაზები მიზანში ამოიღოს
იტალიაში 100-ზე მეტ სკოლაში ბომბის განგაში გამოცხადდა
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა COP31-ზე ქვეყნებს „კლიმატური სამართლიანობის შეთანხმები