ჩინეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ტაიუანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, 38 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებენ.
სახელმწიფო მედიამ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ჩრდილოეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა რაოდენობა წინა ღამესთან შედარებით გაიზარდა.
ჩინეთში სასიკვდილო ხანძრები შედარებით ხშირად ხდება, რასაც, როგორც წესი, შენობების უსაფრთხოების რეგულაციებისა და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას უკავშირებენ.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ მიერ კვირა საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძარი კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:00 საათზე, შანსის პროვინციის ქალაქ ტაიუანში, ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა.
„სინხუას“ ორშაბათს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამკურნალოდ საავადმყოფოში სულ 38 ადამიანი გადაიყვანეს. მათგან ხუთი მოგვიანებით გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 14-ს მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, კვირას ხანძრის ჩაქრობა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.
გასული წლის ნოემბერში ჰონგ-კონგში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შემდეგ, რომელმაც რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა მოიცვა და 168 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ჩინეთმა მაღალსართულიან შენობებში ხანძრის საფრთხეების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.
ერთი თვის შემდეგ, სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში, საცხოვრებელ შენობაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ივლისში კი ჩინეთის აღმოსავლეთში, ფეხსაცმლის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა.























