თურქეთი ირანის წინააღმდეგ „ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციის“ წინააღმდეგია
დიპლომატიისკენ მოწოდებისას, ფიდანმა აღნიშნა, რომ მან ირანს მოუწოდა მოაგვაროს დაძაბულობა რეგიონულ ქვეყნებთან და ეკონომიკაზე არსებული სტრუქტურული ბარიერების მოსახსნელად ბირთვული საკითხი დიალოგის გზით განიხილოს.
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი ეწინააღმდეგება ირანის მიმართ „ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციას“ და თეირანს მოუწოდა „საკუთარი შიდა პრობლემები დამოუკიდებლად გადაჭრას“.
მინისტრმა ფიდანმა ეს განცხადებები სტამბოლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საკითხს საერთაშორისო ურთიერთობების განზომილება აქვს და დასძინა, რომ თეირანი გარკვეული პოლიტიკის გამო „სანქციების ქვეშ მოექცა“.
ფიდანმა განაცხადა, რომ მან ირანელ კოლეგებს რეგიონულ ქვეყნებთან არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა: „იმ სტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ეკონომიკურ სირთულეებს იწვევს, ირანმა გლობალურ ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ყოველგვარი შესაძლებლობის გამოყენებით, დიპლომატიური გზით უნდა მოაგვაროს“.
ფიდანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ როდესაც ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია, გარკვეული ეკონომიკური მომსახურების მიწოდება იზღუდება და დასძინა: „ირანს დიდი მოსახლეობა და დინამიკური საზოგადოება ჰყავს. ცხოვრებისა და სოციალურ ცხოვრებაში ჩართვის სურვილი ძალიან ძლიერია, ჰყავთ განათლებული ხალხი. როდესაც ასეთ საზოგადოებას გარკვეულ შესაძლებლობებს ართმევთ, მსგავსი პრობლემები იჩენს თავს. აქ გასათვალისწინებელია ერთი დეტალი: ეკონომიკური და სხვა სირთულეების გამო ადამიანების მიერ გამოწვეული უკმაყოფილება შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ამბოხს ჰგავდეს; სინამდვილეში კი ეს ვითარება „ნაცრისფერ ზონას“ წარმოადგენს“.
ფიდანმა სიტყვა ასე განაგრძო: „ახლო დაკვირვებისას ჩანს, რომ არ არსებობს რეჟიმის მიმართ მტრობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც საზღვარგარეთის ზოგიერთ ანტიირანულ ქვეყანას მადას გაუღვიძებდა. თუმცა, არსებული პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და მათი შემსუბუქების შეუძლებლობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ აქ რაიმე სახის ინტერვენციის ხილვა არ გვსურს; თუმცა, (აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ) ტრამპის პოლიტიკას თუ შევხედავთ, ამ დრომდე სახმელეთო ჯარების გამოყენებისკენ გამოკვეთილი მიდრეკილება არ დაგვინახავს“.