იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ თვითმფრინავები სამშაბათს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან მალევე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ფუკუოკას პრეფექტურის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ოკინოშიმას სიახლოვეს იაპონიის საჰაერო სივრცეში შევიდნენ.
აღნიშნულია, რომ ორმა რუსულმა თვითმფრინავმა, რომლებსაც იაპონურმა საბრძოლო თვითმფრინავებმა გაფრთხილება მისცეს, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაახლოებით სამ-სამი წუთის განმავლობაში დაარღვია.
კიჰარამ თქვა: „რუსული თვითმფრინავების მიერ ჩვენი ეროვნული საჰაერო სივრცის დარღვევა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სერიოზული ხელყოფა, არამედ საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ის კატეგორიულად მიუღებელია“.
იაპონელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა: „დიპლომატიური არხებით რუსეთს ძალიან მკაცრი პროტესტი გამოვუცხადეთ და მტკიცედ მოვითხოვეთ ზომების მიღება, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს“.
კიჰარას თქმით, თვითმფრინავებმა ცუშიმას სრუტის გავლის შემდეგ, იაპონიის კუნძულ იონაგუნისა და ტაივანს შორის გაიარეს და წყნარი ოკეანისკენ აიღეს გეზი.
დიპლომატიური დაძაბულობა
ინციდენტი იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მოსალოდნელია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ კვირაში ჩინეთის ქალაქ შენჟენში გასამართ აზია-წყნარი ოკეანის სამიტს დაესწრებიან.
იაპონურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ოფიციალურმა ტოკიომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორ ლიდერს შორის შეხვედრის გამართვა მოითხოვა. კრემლმა კი ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო კვირებში კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო რუსეთმა კომპანია Japan Tobacco-ს კუთვნილი აქტივები ჩამოართვა.






















