უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) 81-ე გენერალური ასამბლეის შეხვედრებზე დასასწრებად ნიუ-იორკში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
დონალდ ტრამპთან შეხვედრის ზოგიერთი დეტალის გაზიარებისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და რუსეთს შორის ომი უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს: „ვფიქრობ, ჩვენ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ლიდერების შეხვედრაა საჭირო.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად და აღნიშნა, რომ ტრამპს შეუძლია იმუშაოს აშშ-რუსეთ-უკრაინის ლიდერთა სამიტის გამართვის მიმართულებით.
უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მსგავსი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, სამი ქვეყნის ლიდერი შეძლებს ომთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხების განხილვას და დასძინა: „სამმხრივი შეხვედრისთვის მზად ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პუტინი ამისთვის მზადაა. ის ომის დასასრულებლად მზად არ არის“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ომის ფარგლებში ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საკითხიც განიხილეს: „სანამ ისინი (რუსეთი) ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს არ ამოიღებენ მიზანში, ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის“.
ზელენსკიმ დასძინა, რომ აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად უკრაინის წინადადებებს აშშ რუსეთს გადასცემს.
ზელენსკიმ შეახსენა საზოგადოებას, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების მიზნით მათ ადრე აშშ-სგან შესაბამისი ლიცენზია მოითხოვეს და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის შესაბამის ოფიციალურ პირებთან მუშაობა გრძელდება.























