ევროკომისიამ უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებებისთვის ახალი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 90 მილიარდი ევროს ოდენობის „უკრაინის მხარდაჭერის სესხის“ თავდაცვითი კომპონენტის ფარგლებში უკრაინას 2,86 მილიარდი ევრო გადაერიცხა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული რესურსი დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შესაძენად იქნება გამოყენებული, ხოლო თავდაცვითი აღჭურვილობის გადაუდებელი მიწოდება უკრაინის არმიას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების რუსული თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება.
განცხადებაში ასევე შეხსენებულია, რომ 2026-2027 წლების პერიოდზე გათვლილი უკრაინის სესხიდან დაახლოებით 60 მილიარდი ევრო თავდაცვაზე, ხოლო 30 მილიარდი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერაზეა გამოყოფილი.
აღნიშნულია ისიც, რომ წელს უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობების მხარდასაჭერად სულ 28,3 მილიარდი ევროს გადახდაა დაგეგმილი, ხოლო თავდაცვის კომპონენტის ფარგლებში გადარიცხვები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, რუსეთთან ომის დაწყებიდან — 2022 წლიდან დღემდე, უკრაინას ჯამში 231,5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს.















