ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

სავარაუდო ტერორისტულმა თავდასხმებმა რეგიონში შედარებითი სიმშვიდის პერიოდი დაარღვია, რომელიც მანამდე სტაბილურად მიიჩნეოდა.

By
ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა / Reuters

ნიგერიის პოლიციამ სამშაბათს განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულმა რამდენიმე აფეთქებამ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი მაიდუგური შეძრა; დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი, ხოლო 100-ზე მეტი დაშავდა.

პოლიციის სპიკერმა, ნაჰუმ კენეტ დასომ განცხადებაში აღნიშნა: „წინასწარი გამოძიება ცხადყოფს, რომ თავდასხმები თვითმკვლელი ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული. სამწუხაროდ, სულ 23-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, ხოლო 108-მა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო“.

ორშაბათს საღამოს მომხდარი აფეთქებები მოჰყვა კვირა ღამიდან ორშაბათ დილამდე სამხედრო საგუშაგოზე განხორციელებულ თავდასხმას, რაშიც ხელისუფლება ტერორისტებს ადანაშაულებს.

წინა საღამოს სამხედრო პოზიციებზე იერიშმა და დეკემბერში მეჩეთის დაბომბვამ დაარღვია მშვიდობიანი პერიოდი ქალაქში, რომელიც მანამდე შედარებით მშვიდ „ოაზისად“ მიიჩნეოდა მას შემდეგ, რაც ნიგერიაში ხანგრძლივმა ამბოხებამ მეტწილად სოფლის დასახლებებისკენ გადაინაცვლა.

თავდასხმები ინტენსიური ხდება

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ბოკო ჰარამმა“ და მისმა მეტოქე დაჯგუფებამ, დაეში დასავლეთ აფრიკაში, ბოლო დროს ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თავდასხმები გაახშირეს.

ქვეყანაში 16 წლის განმავლობაში მიმდინარე ტერორისტულ ქმედებებს 40 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

სააგენტო AFP-ის რეპორტიორმა, რომელიც ორშაბათს საღამოს საქალაქო საავადმყოფოში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებული ათობით ადამიანი გადიოდა მკურნალობას; მან ასევე ნახა ტროტუარზე ზეწრებით გადაფარებული მრავალი ცხედარი.

პოლიციამ სამშაბათს დილით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „დაზარალებულ რაიონებში სიტუაცია ნორმას დაუბრუნდა“ და უსაფრთხოების ძალებმა მაიდუგურსა და მის შემოგარენში კონტროლი გააძლიერეს შემდგომი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.