ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნების მაღალი დონის დიპლომატებს შეხვდა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლში „ბალკანეთის მშვიდობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრის ორგანიზების გამო კმაყოფილება გამოხატა და წარმომადგენლებს გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

By
ერდოღანი ბალკანეთის ქვეყნების მაღალი დონის დიპლომატებს შეხვდა / AA

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე ბალკანეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მაღალი რანგის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს მიერ პარასკევს გავრცელებული განცხადების თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ერვინ იბრაჰიმოვიჩი, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონიკა გერვალა-შვარცი, ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმედინ კონაკოვიჩი, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმჩო მუცუნსკი, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელისა სპიროპალი და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნევენა იოვანოვიჩი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სტამბოლში „ბალკანეთის მშვიდობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრის გამართვის გამო და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ისეთი საკითხების განხილვაზე, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და ტრანსპორტი, ასევე ხაზი გაუსვა „რეგიონული მფლობელობის“ პრინციპით წარმოებული კონსულტაციების მნიშვნელობას.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიო მასშტაბით და ბალკანეთში მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ „ბალკანეთის მშვიდობის პლატფორმის“ წევრ ქვეყნებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთგაგების გაძლიერება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ერდოღანმა მიუთითა ბალკანეთში წარსულის ტკივილებიდან დასკვნების გამოტანისა და მომავალზე ორიენტირებული ერთიანი მიდგომით მოქმედების აუცილებლობაზე. მან ასევე შეახსენა დამსწრეებს თურქეთის ძალისხმევა რეგიონში არასტაბილურობის ეფექტების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობაზე ორიენტირებული ინიციატივები გრძელდება მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, ღაზასა და სირიაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აქიფ ჩაღათაი ქილიჩი და სხვა ოფიციალური პირები.