ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-თან მოლაპარაკებები "ძალიან მწარე გამოცდილების" შემდეგ უარყო
არაღჩიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად თებერვლის ჟენევის სამიტებზე მიღწეული „დიდი პროგრესისა“ და აშშ-ის მხრიდან ირანზე განხორციელებული თავდასხმისა, მოლაპარაკებების განახლება დღის წესრიგში არ დგას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ გამორიცხა აშშ-თან ხელახალი მოლაპარაკებების შესაძლებლობა იმ მოვლენის შემდეგ, რომელიც მან „ძალიან მწარე გამოცდილებად“ შეაფასა.
ორშაბათს PBS News-თან ინტერვიუში არაღჩიმ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი ღია ხელახალი მოლაპარაკებებისა თუ ცეცხლის შეწყვეტისთვის.
ამ საკითხთან დაკავშირებით მან თქვა: „მისთვის ჯერ ძალიან ადრეა რაიმე კომენტარის გასაკეთებლად“.
თუმცა დასძინა: „არ მგონია, რომ ამერიკელებთან ხელახლა საუბრის ან მათთან მოლაპარაკებების განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგეს, რადგან, როგორც იცით, ამერიკელებთან საუბრის ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს“.
მან მიუთითა გასულ ივნისში მომხდარ 12-დღიან ომზე, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას დაიწყო, და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ისრაელისა და აშშ-ის ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები ამოიღეს მიზანში.
არაღჩიმ ახსენა თებერვლის ბოლოს ჟენევაში გამართული აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ომანის შუამავლობით გამართული შეხვედრები კონსტრუქციულად შეაფასა.
თუმცა განაცხადა: „სამრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკულმა დელეგაციამ თქვა, დიდ პროგრესს მივაღწიეთო, მათ მაინც ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს“.
„ამიტომ, აღარ მგონია, რომ ამერიკელებთან საუბარი ჩვენს დღის წესრიგში იყოს“.
რეგიონული დაძაბულობა
გლობალურ ნავთობის ბაზრებზე არსებულ შეფერხებებზე საუბრისას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არ არის პასუხისმგებელი ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების შენელებაზე.
„ეს არ არის ჩვენი ბრალი. ეს არ არის ჩვენი გეგმა“, — აღნიშნა მან.
მან განაცხადა, რომ შეფერხებები ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული თავდასხმებით არის გამოწვეული.
არაღჩის თქმით, ამ თავდასხმებმა რეგიონი სულ უფრო არასტაბილური და დაუცველი გახადა.
„ამიტომ ტანკერებსა და გემებს ჰორმუზის სრუტის გავლა ეშინიათ“, — თქვა მან.
არაღჩიმ ასევე უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ირანი რეგიონულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით განზრახ ზღუდავს ნავთობის მიწოდებას.
„ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება სრულიად უკანონო თავდასხმა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის კანონიერი და ლეგიტიმური თავდაცვის აქტი“, — განაცხადა მან.
მან ასევე დასძინა, რომ თეირანმა რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა: თუ ამერიკის შეერთებული შტატები პირდაპირ თავს დაესხმება ირანს, ირანი საპასუხოდ რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებს ამოიღებს მიზანში.
„და ამის შედეგად ომი მთელ რეგიონში გავრცელდება“, — თქვა მან.
„ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართ“.