რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინის საზღვრთან პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა

პოლონეთისა და ნატოს თვითმფრინავები უკრაინის დასავლეთ ნაწილზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ აფრინდნენ, ხოლო თავდაცვის სისტემები მზადყოფნაში მოიყვანეს.

/ Reuters

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ პოლონეთისა და ნატოს თვითმფრინავები შაბათს, გამთენიისას, პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განლაგდნენ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საჰაერო თავდასხმები განახორციელა უკრაინის დასავლეთ ნაწილზე, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ X-ის პლატფორმაზე გაავრცელა განცხადება: "პოლონური და მოკავშირე თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში ოპერირებენ, ხოლო სახმელეთო საჰაერო თავდაცვისა და სარადარო სადაზვერვო სისტემები უმაღლეს მზადყოფნაშია მოყვანილი".

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შესახებ გაფრთხილების შემდეგ, 03:40 UTC-ით თითქმის მთელ უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა.

თვითმფრინავების განლაგებას წინ უძღოდა რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ საჰაერო სივრცის საეჭვო დარღვევა.

პოლონეთმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დროს, სულ მცირე 19 უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. თუმცა, რუსეთმა განაცხადა, რომ ეს დარღვევა განზრახ არ ყოფილა.

უსპრეცედენტო და თავხედური საჰაერო სივრცის დარღვევები

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ მანამდე განაცხადა, რომ პარასკევს, რუსეთის ორმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის კუთვნილი საძიებო პლატფორმის უსაფრთხოების ზონა დაარღვია.

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ X-ის პლატფორმაზე დაწერა: "რუსეთის ორმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ბალტიის ზღვაში მდებარე Petrobaltic-ის პლატფორმას. დაირღვა პლატფორმის უსაფრთხოების ზონა", და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ შეიარაღებული ძალები და სხვა სამსახურები დაუყოვნებლივ იყვნენ ინფორმირებულები.

იმავე დღეს, ესტონეთმა გამოაცხადა ინციდენტის შესახებ, როდესაც რუსეთის სამმა MiG-31 ტიპის თვითმფრინავმა 12 წუთის განმავლობაში დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც "უპრეცედენტო თავხედობად" შეფასდა. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერივნენ და თვითმფრინავებს უკან დახევა აიძულეს.

უკრაინა: რუსეთის თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შაბათს, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის ღამის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, ხოლო რამდენიმე რეგიონი მასობრივი თავდასხმების სამიზნე გახდა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი ლიზაკმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით განახორციელეს, რამაც საცხოვრებელი სახლები დააზიანა და ხანძრები გამოიწვია.

ლიზაკმა Telegram-ის პლატფორმაზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის მასშტაბით საჰაერო თავდასხმის სიგნალი გამოცხადდა, ხოლო ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქ კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა თავდასხმების შესახებაც განაცხადეს.

იმავდროულად, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებში უკრაინის "ფართომასშტაბიანი" თავდასხმები მოიგერიეს, ხოლო სარატოვის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა.