ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში ბაზირებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 31 პროვინციაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 217 პირი დააკავეს.

By
ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა / Reuters

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, რომელიც ირანის საკითხებზე მუშაობს, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 დღეა გრძელდება.

ანგარიშის მიხედვით, საპროტესტო გამოსვლები 31-ვე პროვინციაში გაიმართა, რის შედეგადაც 34 მომიტინგე და უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა.

348 სხვადასხვა ადგილას გამართული აქციების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, 2 217 პირი კი აიყვანეს.

ანგარიშის თანახმად, დაშავების შემთხვევათა უმეტესობა საფანტისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენებითაა გამოწვეული.

ხელისუფლებას დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ თუ თეირანი მომიტინგეების წინააღმდეგ ლეტალურ ძალას გამოიყენებს, ვაშინგტონი დემონსტრანტებს „დასახმარებლად გამოეცხადება“. ამ განცხადებამ ირანის მაღალჩინოსნების აღშფოთება გამოიწვია.

ირანი ბოლო კვირების განმავლობაში ფართომასშტაბიანი პროტესტის წინაშე დადგა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და ეროვნული ვალუტის, რიალის მკვეთრი გაუფასურების გამო, რომლის კურსმაც დოლართან მიმართებით 1 350 000-ს გადააჭარბა.