პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „როგორც თურქეთი, ჩვენ არ ვიღებთ უნდობლობაზე აგებულ საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომას“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სტამბოლის მე-9 მედიაციის კონფერენციას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.
ერდოღანმა თავის გზავნილში დიპლომატიაზე უარის ართქმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა:
„გავდივართ პერიოდს, როდესაც გლობალური მასშტაბით კონფლიქტები იზრდება, დაძაბულობა მწვავდება, ხოლო საერთაშორისო სამართლისა და ინსტიტუტების მიმართ ნდობა შერყეულია. ასეთ პერიოდში, როგორც თურქეთს, პრინციპად გვაქვს მიღებული, რომ დიპლომატიაზე არასდროს ვთქვათ უარი იმ დროსაც კი, როცა მხარეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და იმედი იწურება“.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლიდან დაწყებული აფრიკის კონტინენტზე ჩვენი შუამავლობის მცდელობებით დამთავრებული, ვრცელ ტერიტორიაზე მიღწეული შედეგებით დღესაც ვცდილობთ, გზა გავუხსნათ მშვიდობას“, — განაცხადა ერდოღანმა და გაიმეორა გზავნილი: „მსოფლიო ხუთზე დიდია“:
„დღეს პალესტინაში, ლიბანში, სუდანსა და სხვა კრიზისულ რეგიონებში მილიონობით ადამიანი, რომელმაც იმედი გაეროს დაუკავშირა, ღრმა იმედგაცრუებულია. ფაქტია, რომ სისტემა, რომელშიც (გაეროში) 190-ზე მეტი ქვეყნის ნება 5 ქვეყნის სურვილზეა დამოკიდებული, არც სამართლიანია და არც ნდობის სრულფასოვნად დამყარება შეუძლია“.
„როგორც თურქეთი, ჩვენ არ ვიღებთ უნდობლობაზე აგებულ საერთაშორისო პოლიტიკის მიდგომას“, — განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა და დასძინა: „გვჯერა, რომ ყველაზე მწვავე დაპირისპირებებშიც კი ყოველთვის არსებობს დიპლომატიის კარი. მთავარია, გამოვიჩინოთ ნება, გამბედაობა და გულწრფელობა, რათა ეს კარი ღია დარჩეს. ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ მხარეთა გაერთიანებას მშვიდობისთვის, შუამავლობას სამართლიანი გადაწყვეტილებებისთვის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას“.






















