დემოკრატებმა ეპშტეინის საკითხზე გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს
დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მოსმენა „სრულიად“ უპასუხისმგებლოდ იყო ორგანიზებული.
აშშ-ში დემოკრატმა კონგრესმენებმა იუსტიციის მინისტრ პემ ბონდისა და მის მოადგილე ტოდ ბლანშთან გამართული დახურული შეხვედრა დატოვეს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის სექსუალური ტრეფიკინგის საქმეების განხილვის ფორმის გამო.
წარმომადგენელმა რობერტ გარსიამ აღნიშნა, რომ მან ბონდის არაერთხელ ჰკითხა, შეასრულებდა თუ არა ის უწყებას (სასამართლო გამოძახებას), რომელიც საჯაროდ, ფიცის ქვეშ და ოქმის შედგენით ჩვენების მიცემას ავალდებულებდა, რაზეც ბონდიმ ყოველჯერზე უარი თქვა. მან შეხვედრას „ერთგვარი ფიქტიური სხდომა“ უწოდა და დასძინა: „ეს სრულიად უპასუხისმგებლოდ არის მოწყობილი“.
წარმომადგენელმა იასამინ ანსარიმ განაცხადა, რომ დახურულ ფორმატში, ოქმის წარმოებისა და ფიცის გარეშე ჩატარებული შეხვედრა სულაც არ ჰგავდა კონგრესის ლეგიტიმურ სხდომას. მისი თქმით, თითოეულ დეპუტატს კითხვის დასასმელად მხოლოდ სამი წუთი ჰქონდა, ხოლო ოფიციალურ პირებს შესავალი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამთ.
ანსარიმ, ბონდის მიერ ოფიციალურ მოსმენაზე გამოცხადებაზე უარის თქმის მაგალითზე დაყრდნობით, აღნიშნა: „თავიანთი ქცევით ისინი დანაშაულის დაფარვაში კიდევ უფრო მეტად დამნაშავეებად გამოიყურებოდნენ“.
მათ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ!
დემოკრატების მიერ შეხვედრის დატოვების საბაბი გახდა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს კომერის დამამცირებელი კომენტარი დემოკრატი წევრის კითხვაზე, რომელიც ბონდის მიმართ გამოცემული უწყების აღსრულებას ეხებოდა.
დემოკრატებმა განაცხადეს, რომ „ეს უკვე საკმარისად მოისმინეს“ და დარბაზი დატოვეს.
კომერმა კი დემოკრატები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა „საკითხთან დაკავშირებით ერთი კითხვაც კი არ დაუსვამთ“.
ჯეფრი ეპშტეინი, რომელიც სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლო პროცესს ელოდებოდა, 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
2008 წელს ეპშტეინმა ფლორიდის შტატის სასამართლოში არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩართვის მცდელობის ბრალი აღიარა, თუმცა კრიტიკოსები ამ შედარებით მსუბუქ განაჩენს „პროტექციონიზმად“ და „კავშირებით სარგებლობად“ მიიჩნევენ.