მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს გაიმართება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების (აგს) დედაქალაქ აბუ-დაბიში, აშშ-ის შუამავლობით გამართულ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროპაც მიიღებს მონაწილეობას.
ბარომ RTL რადიოსთან ინტერვიუში უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა ევროპა წარმოდგენილი 10-11 ნოემბრის მოლაპარაკებებზე.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად აბუ-დაბიში იქნება და აღნიშნა: „ჯერ არ შემიძლია გითხრათ, ვინ წარმოადგენს საფრანგეთს ამ შეხვედრაზე, თუმცა საფრანგეთი იქ აუცილებლად იქნება“.
ბაროს შეფასებით, „ევროპელებმა ბოლო კვირების განმავლობაში ხმა აიმაღლეს და ამერიკელ შუამავლებს განუცხადეს, რომ კონტინენტის მომავალთან დაკავშირებული არც ერთი მოლაპარაკება არ უნდა უგულებელყოფდეს ჩვენს მოლოდინებსა და მოთხოვნებს“.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მანამდე განაცხადა, რომ 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, აშშ-ის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის სამუშაო დონეზე მოლაპარაკებები გაიმართება. მისი თქმით, მოლაპარაკებები ომის შემდგომი უსაფრთხოების საკითხებს, დაძაბულობის შემცირებას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და მშვიდობის მისაღწევად გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს შეეხება.



























