რუსეთში გასულ თვეს შემსუბუქებული საწვავის პრობლემა კვლავ ღრმავდება, რის გამოც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბენზინზე წვდომა სულ უფრო რთულდება.
პლატფორმა „GdeBENZ“-ის მონაცემებით, 16 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იმ სადგურების წილი, სადაც ბენზინის ან დიზელის არსებობა ფიქსირდება, 9 აგვისტოსთან შედარებით 41%-დან 28,1%-მდე შემცირდა.
რუკაზე არსებული უახლესი მონაცემებით ჩანს, რომ ზოგიერთ სადგურზე საწვავი სრულად ამოიწურა, ზოგან კი რიგები და გაყიდვის ლიმიტები მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ პრობლემები განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში, ვოლგისპირეთსა და ზოგიერთ ცენტრალურ რეგიონში კონცენტრირდება.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ზოგიერთ რეგიონში ავტოგასამართი სადგურებისთვის საწვავის მიწოდების პრობლემები გრძელდება.
ორენბურგში, სადაც პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას, ადმინისტრაციამ 12 აგვისტოდან საწვავის გაყიდვაზე კვლავ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესა. ორენბურგის გუბერნატორმა ევგენი სოლნცევმა განაცხადა, რომ ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც ავტომობილები საწვავის შეძენას სახელმწიფო ნომრის ბოლო ციფრის შესაბამისად, კენტ და ლუწ დღეებში შეძლებენ.
მსგავსი პრაქტიკა ლიპეცკის ოლქშიც განახლდა, სადაც ზოგიერთ მსხვილ ქსელურ ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილებს საწვავის შეძენა სანომრე ნიშნების მიხედვით განსაზღვრულ დღეებში შეუძლიათ. ამასთან, ერთ ავტომობილზე გასაცემი ბენზინის მოცულობა 30 ლიტრით შეიზღუდა.
რეგიონებს შორის, სადაც საწვავის დეფიციტი მძაფრად იგრძნობა, კრასნოდარის მხარეცაა, სადაც რუსეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრები მდებარეობს.
რეგიონის ქალაქ ანაპაში, 17 აგვისტოს მდგომარეობით, მოქმედი 25 ბენზინგასამართი სადგურიდან 11 საწვავს მხოლოდ სპეციალური ბარათის მქონე ავტომობილებსა და ოპერატიული სამსახურების მანქანებს აწვდის, დანარჩენ 14 სადგურზე კი თითო ავტომობილზე გასაცემი საწვავის რაოდენობაზე სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს.
იმავე რეგიონის მნიშვნელოვან საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში კი 17 აგვისტოს დილის მონაცემებით, მოქმედი 28 სადგურიდან AI-92 მარკის ბენზინი მხოლოდ 5-ში იყო, AI-95 კი — 6-ში, ხოლო დიზელის საწვავი 27 სადგურზე იყიდებოდა.
სევასტოპოლშიც საწვავის გაყიდვაზე QR-კოდების სისტემა ხელახლა ამოქმედდა, ხოლო სტანდარტული ტიპის ბენზინზე ერთ ავტომობილზე 20-ლიტრიანი ლიმიტი დაწესდა.
ალთაის რესპუბლიკაში კი კვლავ მოქმედებს წესი, რომელიც მძღოლებს დღეში ერთზე მეტჯერ საწვავის ჩასხმას უკრძალავს. რეგიონის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ შეზღუდვები ჭარბი მოთხოვნისა და რამდენიმე სადგურიდან საწვავის მომარაგების თავიდან ასაცილებლად დაწესდა.
დედაქალაქ მოსკოვშიც ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი არ არის, ზოგან კი გრძელი რიგებია.
რუსეთმა, რომელიც მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, შიდა ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესამსუბუქებლად ბენზინის იმპორტი დაიწყო როგორც ტრადიციული მომწოდებლებიდან — ბელარუსიდან და ყაზახეთიდან, ასევე ინდოეთიდან და მაროკოდან.
რუსეთის მთავრობა სხვადასხვა ზომებს იღებს
რუსეთში საწვავის პირველი დიდი დეფიციტი მაისის ბოლოს დაიწყო, მომდევნო კვირებში კი ბევრ რეგიონში დაწესდა ლიმიტები ერთ ავტომობილზე, აიკრძალა საწვავის ჭურჭელში ჩასხმა და სხვადასხვა სადგურისთვის განსხვავებული გაყიდვის წესები ამოქმედდა. ივლისის მეორე ნახევარში ზოგიერთ რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ განაცხადეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ წავიდა.






















