ნატო უკრაინის დახმარებისკენ მოწოდებას აკეთებს
რუსეთის თავდასხმის მეოთხე წლისთავზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერისკენ მოწოდებას აკეთებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი ევროკავშირისგან უკრაინისთვის გაწევრიანების მკაფიო თარიღის დასახელებას ითხოვს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, რუსეთის თავდასხმის მეოთხე წლისთავზე, სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კიევის რუსეთზე გასამარჯვებლად უკრაინის დასავლელმა მოკავშირეებმა ამ ქვეყნისთვის „სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება“ უნდა გაზარდონ.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას რუტემ განაცხადა: „ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ ასრულებს. უკრაინას საბრძოლო მასალა სჭირდება დღეს და ყოველდღე, სანამ სისხლისღვრა არ შეწყდება“.
უკრაინის ელჩთან ნატოში, ალიონა გეტმანჩუკთან ერთად პრესასთან საუბრისას რუტემ აღნიშნა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა „აუცილებელია“, რათა უკრაინამ „თავი დაიცვას ციდან მომავალი რუსული ტერორისგან და შეინარჩუნოს ფრონტის ხაზი“.
გეტმანჩუკმა ნატოს 32 წევრი ქვეყნის დიპლომატებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს განუცხადა: „ყოველი დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალის ყოველი პარტია, ყოველი გადამჭერი რაკეტა არა მხოლოდ სიცოცხლეს გადაარჩენს, არამედ აძლიერებს უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
მაშინ როცა კიევის მხარდამჭერი „მოხალისეთა კოალიცია“ ომიდან ოთხი წლის გასვლის აღსანიშნავად სამშაბათს შეკრებას გეგმავდა, რუტემ კიდევ ერთხელ გააჟღერა პირობები, რომლებიც „მყარი“ მშვიდობისთვისაა საჭირო.
„როდესაც ომი დასრულდება, მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს შეკავების პოლიტიკითა და თავდაცვისთვის მზადმყოფი ძლიერი უკრაინული ძალებით, ასევე უკრაინის პარტნიორებისგან — ევროპისგან, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან — მიღებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიებით. უკრაინაში ნამდვილი მშვიდობის გარეშე ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება. უკრაინისთვის ეს იყო პირქუში ზამთარი, თუმცა არსებობს იმედი და დახმარება“, — განაცხადა რუტემ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ევროკავშირს სთხოვა, განესაზღვრა მკაფიო გრაფიკი მისი ქვეყნის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად.
ევროპარლამენტში სამშაბათს გამართული ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო თარიღის მიღება“, და დასძინა: „ასეთი გარანტიის გარეშე (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი) იპოვის გზას თქვენს გასაყოფად, ევროპის გასაყოფად და უკრაინის ათწლეულების განმავლობაში დასაბლოკად“.